მიხაელ შუმახერის ყოფილმა ბოსმა ფორმულა 1-ის ლეგენდასთან თავის შეხვედრებზე ილაპარაკა #1TVSPORT
ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი მიხაელ შუმახერი, 12 წელია, პუბლიკის წინაშე არ გამოჩენილა საშინელი ტრავმის შემდეგ, რომელიც 2013 წელს თხილამურებით სრიალისას მიიღო. მისი ახლო მეგობარი და „ფერარიში“ ყოფილი ბოსი ჟან ტოდტი ერთ-ერთი იმ იშვიათაგანია, ვისაც გერმანელი პილოტის მონახულება შეუძლია. ამ დღეებში ტოდტმა ამ ვიზიტების შესახებ მცირე დეტალები მოუყვა გაზეთ La Repubblica-ს.
ტოდტმა განაცხადა, რომ რეგულარული კავშირი აქვს შუმახერთან და ხშირად სტუმრობს გერმანელს მის სახლში.
„ოჯახმა გადაწყვიტა, რომ არ უპასუხოს შეკითხვებს მიხაელის მდგომარეობის შესახებ. ამ არჩევანს მე პატივს ვცემ. მას რეგულარულად ვნახულობ. ეს კავშირი სცილდება ჩვენი ძველი სამუშაოს ფარგლებს“, – განაცხადა ტოდტმა.
აღვნიშნავთ, რომ შუმახერისა და ტოდტის თანამშრომლობა მეტად ნაყოფიერი იყო. როცა ტოდტი „ფერარის“ ხელმძღვანელობდა, მიხაელმა ხუთჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული.
შეგახსენებთ, რომ, ჭორების მიხედვით, მიხაელ შუმახერი რამდენიმე თვის წინ მალიორკაზე თავისი ქალიშვილის ქორწილს დაესწრო, მაგრამ მოგვიანებით გერმანელის ახლო მეგობარმა, ჯონი ჰერბერტმა ეს ინფორმაცია უარყო.