მიხაელ შუმახერმა საქველმოქმედო აუქციონისთვის ჩაფხუტზე ავტოგრაფი დატოვა [ფოტო] #1TVSPORT
მიხაელ შუმახერმა საქველმოქმედო აუქციონისთვის ჩაფხუტზე ავტოგრაფი დატოვა [ფოტო] #1TVSPORT

ლეგენდარულმა გერმანელმა ავტომრბოლმა, მიხაელ შუმახერმა საკუთარი ხელმოწერა დატოვა სპეციალურ ჩაფხუტზე ჯეკი სტიუარტის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის, რომელსაც Race Against Dementia ჰქვია.

გაზეთ Daily Mail-ის ინფორმაციით, ჩაფხუტზე ხელმოწერაში ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონს მისი ცოლი კორინა დაეხმარა. როგორც ფოტოზე ჩანს, ჩაფხუტზე წერია გერმანელი პილოტის ინიციალები M.S.

„შესანიშნავია, რომ მიხაელმა ამ კეთილშობილურ საქმეში შეძლო ჩაფხუტზე ხელის მოწერა. მას ცოლი დაეხმარა და ამან შეავსო ყველა ჩემპიონის კომპლექტი, რომლებიც ჯერ ისევ ჩვენ გვერდით არიან“, – განაცხადა სტიუარტმა.

ამ ჩაფხუტს პუბლიკის წინაშე ბაჰრეინის გრანპრის ძირითადი რბოლის წინ გამოიტანენ.

მიხაელ შუმახერმა 2013 წლის დეკემბერში, თხილამურებით სრიალისას თავის ქალის მძიმე დაზიანება მიიღო და მას შემდეგ არ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი.