შუალედური არჩევნების გამო, მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომა მხოლოდ ერთხელ, დღეს ჩატარდება
19 მაისს დანიშნული შუალედური არჩევნების გამო, მიმდინარე კვირაში საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ერთი პლენარული სხდომა დღეს ჩატარდება.
სხდომაზე განხილული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც მთავრობის მიერ არის წარმოდგენილი. ცვლილებები ითვალისწინებს საგანმანათლებლო სფეროში თანხების ჩადებას მშპ-ის ექვსი პროცენტის ოდენობით.
პლენარულ სესიაზე კანონმდებლები ასევე მედიაციის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. ინიციატივა განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს, ასევე მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს.
„ჩვენ ვცდილობთ, გარკვეულ ვადებში მოვახდინოთ ამ საკითხების განხილვა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ყველა პარტიას, მათ შორის განსაკუთრებით საპარლამენტო პარტიებს, ჰქონდეთ საშუალება, სრულფასოვნად ჩაერთონ საარჩევნო პროცესში. ეს არის მათი სურვილიც. ამაზე პრაქტიკულად არსებობს შეთანხმება და აქედან გამომდინარე, ამ არჩევნებამდე, რომელიც გაიმართება მიმდინარე კვირის ბოლოს, წინა დღეებში მივეცით მათ საშუალება და სხვათა შორის საკუთარ თავსაც, სრულფასოვნად ჩაერთოს ყველა საარჩევნო სუბიექტი არჩევნებში“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.