ნიკოლოზ სამხარაძე - რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, გვიწევს მტკიცება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება, მშვიდობას საფრთხე შეუქმნას, საქართველოსთვის დამანგრეველია
ნიკოლოზ სამხარაძე - რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, გვიწევს მტკიცება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება, მშვიდობას საფრთხე შეუქმნას, საქართველოსთვის დამანგრეველია

ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამხარაძის თქმით, გმობს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას და სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს. მისივე განცხადებით, შეიარაღებული დაპირისპირების არეალის გაფართოება საქართველოს უსაფრთხოებას დამატებით გამოწვევებს შეუქმნის, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

„ჩვენ ყველანი შეძრწუნებული ვართ „ჰამასის“ მიერ ბარბაროსული და არაადამიანური თავდასხმით ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომელიც გასულ კვირას მოხდა და ამ ტერორისტულ აქტს შეეწირა 1 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. ჩვენ კიდევ ერთხელ ცალსახად ვგმობთ ამ თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს და ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს, ვლოცულობთ დაღუპულთა სულებისთვის და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს. რასაკვირველია, ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში და კონფლიქტის არეალის გაფართოება საქართველოს უსაფრთხოებას დამატებით გამოწვევებს შეუქმნის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენი საზღვრების ჩრდილოეთით ისედაც მიმდინარეობს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ჩვენს უშუალო მეზობლებს, სომხეთს და აზერბაიჯანსაც ჯერ არ მიუღწევიათ სამშვიდობო შეთანხმებისთვის და დაპირისპირების პოტენციალი, კონფლიქტის ესკალაციის პოტენციალი იქაც ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ფხიზლად უნდა ვიყოთ და ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დღეს და თითქმის ბოლო ერთი წლის მანძილზე გვიწევს მტკიცება, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება, მშვიდობას საფრთხე შეუქმნას, არის მიუღებელი და უბრალოდ დამანგრეველი საქართველოსთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, ყველა პროცესი, რომელიც რეგიონის ირგვლივ მიმდინარეობს, აჩვენებს, რომ მსოფლიოში არის ახალი ესკალაციის სერიოზული საფრთხე და ამ მოცემულობაში საქართველომ, როგორც ოკუპირებულმა ქვეყანამ, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოსახლეობას მშვიდობა და სტაბილურობა შეუნარჩუნდეს.

„მინდა, მოვიყვანო ციტატა: „წუხილის მიუხედავად, ჩვენ ყველას შეგვიძლია, მადლიერი ვიყოთ ყოველ დილით და ყოველ ღამე, რომ შეგვიძლია, ვიცხოვროთ აქ, ჩვენს ოჯახებთან მშვიდად და უსაფრთხოდ – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – ეს განცხადება სამი დღის წინ გააკეთა ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოს და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი და გავლენიანი სახელმწიფოს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთების ფონზეც კი, საქართველოში ისმის ქილიკი მშვიდობასთან დაკავშირებით. როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ამ თემაზე არასერიოზულად საუბარი მიუთითებს ოპოზიციის სამარცხვინო პოლიტიკაზე, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების საფუძვლის დაზიანებას ისახავს მიზნად.

„ბოლო წელიწად-ნახევარია, ვისმენთ ქილიკს იმასთან დაკავშირებით, მშვიდობა არის მნიშვნელოვანი, თუ არ არის მნიშვნელოვანი, ომი გვინდა, თუ არ გვინდა და გვირჩევნია, რომ ბომბები გვაცვიოდეს, მაგრამ სულიერად ამაყები ვიყოთ. ეს არის სწორედ ის ორმაგი სტანდარტები და სამარცხვინო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ. ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარი არის მშვიდობა, რომელიც ძალიან დიდი ძალისხმევის, ბევრ შემთხვევაში აწონ-დაწონილი პოლიტიკური ნაბიჯების ფასად გვიჯდება. ამისათვის საფრთხის შექმნა არის არა „ქართული ოცნების“ იმიჯის, არამედ სახელმწიფოს და მისი უსაფრთხოების საფუძვლების დაზიანება. ამიტომ მინდა, ყველას მოვუწოდო, შეწყვიტონ ამ თემაზე ქილიკი, შეწყვიტონ ამ თემის „გაბაიბურება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.