პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ევროპის ჰიმნით გაიხსნა [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ევროპის ჰიმნით გაიხსნა.

სხდომა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნა და მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გუშინ საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც ყველას დაამახსოვრდება როგორც ისტორიული მასშტაბის გარდამტეხი მოვლენა.

„დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დაბრუნება იქ, სადაც საქართველოს ისტორიული ადგილი იყო. ევროპისადმი ჩვენი კუთვნილების დამტკიცება არ გვჭირდება, ჩვენ ვიყავით ყველაზე ადრეული ევროპული ქრისტიანი ერი და საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლეთი ბასტიონი, ერთ-ერთი ყველაზე პირველი სრულად ელექტორალური ევროპული დემოკრატია. დაბოლოს, ერი, რომელმაც გასული სამი ათწლეულის განმავლობაში საოცარი გადასვლა მოახერხა საბჭოთა ოკუპაციიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სრულად დამსახურებულ სტატუსამდე. ჩვენ, ქართველი ხალხი, მთელი ჩვენი ერთიანობით და წინააღმდეგობებით ამ ისტორიული მიღწევის ნამდვილი გმირები ვართ.

მადლობა ყველას, ვინც ამ მიღწევაში თავისი წვლილი შეიტანა, ვინც დაუღალავად შრომობდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად, ქვეყნის ევროპულ ოჯახში შესაყვანად. გილოცავთ ამ დღეს, გთხოვთ, ფეხზე წამოვუდგეთ ევროპის ჰიმნს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ევროკავშირისა და საქართველოს დროშებია გადმოფენილი.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გუშინ, 14 დეკემბერს მიანიჭა.

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2022 წლის 2 მარტს განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.