შსს სოფელ ლამბალოდან 17 წლის გოგოს დაკარგვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ლამბალოდან 17 წლის გოგოს დაკარგვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„2018 წლის 12 ოქტომბერს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა მ.გ.-ს შეტყობინება სოფელ ლამბალოდან მისი 17 წლის შვილის – ჰ.მ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ. შეტყობინების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
საქმეზე ამ დრომდე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხულნი არიან მოწმეები, როგორც ჰ.მ.-ს, ასევე სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის ნათესავები. გამოიკითხნენ ის პირებიც, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ ინფორმაცია არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის შესახებ.
გამოძიების დაწყებიდან დღიდან ამ წუთამდე მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით. პოლიციას ინტენსიური კომუნიკაცია აქვს არასრულწლოვნის ოჯახის წევრებთან“, – აცხადებენ შსს-ში.