შსს სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
„თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა ოთხსართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე. ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს იცავენ“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ხანძარი სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.