შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეები ითხოვენ, მამუკა ბახტაძე, გიორგი ქობულია და დავით სერგეენკო მათთან შესახვედრად 23:00 საათამდე მივიდნენ
ჭავჭავაძის გამზირზე შრომითი უფლებების დაცვის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეები ითხოვენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მათთან შესახვედრად 23:00 საათამდე მივიდნენ.
აქციაზე მივიდა საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.
შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით ქციის მონაწილეები ჯერ მთავრობის ადმინისტრაციიდან შეიკრიბნენ, ხოლო შემდეგ ჭავჭავაძის გამზირზე, იმ ადგილას გადაინაცვლეს, სადაც გუშინ სამშენებლო სამუშაოებისას მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომიტეტის შექმნა, ასევე მერიის მიერ დედაქალაქში ყველა მიმდინარე მშენებლობის დაუყოვნებლივ შემოწმება.
აქციას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“, ასევე დამოუკიდებელი პროფკავშირები „ერთობა 2013-ის“ წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე გუშინ მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მომხდარიდან ცოტა ხნის შემდეგ მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორე მამაკაცის ცხედარს კი, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს.