სოსო ფხაკაძე - შრომის კოდექსში დაგეგმილმა ცვლილებებმა შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს 
სოსო ფხაკაძე - შრომის კოდექსში დაგეგმილმა ცვლილებებმა შესაძლოა, უმუშევრობის ზრდა და ხელფასების შემცირება გამოიწვიოს 

საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, ასოციაციის წევრი  კომპანიების წარმომადგენლებმა დღეს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

შეხვედრაზე ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც ეხებოდა ვადიან შრომით ხელშეკრულებებს, სტაჟირებას, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ლიმიტირებას, მინიმალური ხელფასის განსაზღვრას, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურების წესში ცვლილებებს, შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებასა და სხვა.

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ასოციაციის წევრ კომპანიებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ემსჯელათ მოსალოდნელი ცვლილებების შედეგებზე დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისთვის, ასევე საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებისთვის.

„ამ ეტაპზე, შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი საფრთხის შემცველია, ვინაიდან არღვევს ბალანსს და გაუმართლებლად ერევა ბიზნესის საქმიანობაში, რამაც შესაძლოა, საგრძნობლად დააზიანოს საქართველოში დღეს არსებული ბიზნესგარემო. შეიძლება, ამ ცვლილებებმა გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა, ხელფასების შემცირება და კონკრეტული ინდუსტრიების საერთოდ გაჩერება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი, რამაც ბუნებრივია, ქვეყნის განვითარება შეიძლება შეაფერხოს“, – განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ ასოციაცია აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორებთან სამუშაო პროცესში.

„ბიზნესის თვალით დანახული ყველა რისკი და ყველა არგუმენტი პროექტის ავტორებისთვის კარგად არის ცნობილი და იმედია, ცვლილებების პროექტის პარლამენტში ინიცირებამდე ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება“ – აღნიშნა ვეფხვაძემ.

ბიზნესასოციაციის ორგანიზებით ახლო მომავალში აღნიშნულ თემაზე ეკონომიკურ ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული ინსტიტუტების წარმომადგენლებთანაც იგეგმება შეხვედრა.