„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ - ჩვენი პრინციპული პოზიციაა, შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდეს შესაბამისი ანალიზის საფუძველზე და ეტაპობრივად
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ - ჩვენი პრინციპული პოზიციაა, შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები განხორციელდეს შესაბამისი ანალიზის საფუძველზე და ეტაპობრივად

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას, აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ეკონომიკის განვითარების დონე.

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ მორიგი განცხადება გაავრცელა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანება, კიდევ ერთხელ ეხმიანება „შრომის კოდექსის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებას და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებებს შორის. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ქვეყანაში არსებული რეალობა, კერძოდ კი ეკონომიკის განვითარების დონე.

ამასთან, ქართული ბიზნესი კარგად აცნობიერებს როგორც ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მნიშვნელობას, ასევე შრომითი ურთიერთობების სფეროში თანამედროვე სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს უფრო დაცულ, გარანტირებულ, უსაფრთხო სამუშაო ადგილებთან და მაღალშემოსავლიან დასაქმებულებთან.

თუმცაღა, ცვლილებები უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს იმგვარად, რომ ერთი მხრივ, დაცული იყოს დასაქმებულთა უფლებები, ხოლო მეორე მხრივ, დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი ტვირთი არ დააწვეს კერძო ბიზნესსა თუ სახელმწიფო ბიუჯეტს.

გარდა ამისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების პროცესი უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ეტაპობრივ დაახლოებას, რაც ნიშნავს თავად პროცესის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის დირექტივებით განსაზღვრული მოთხოვნების ადეკვატურ შეფასებას და ამავე დირექტივებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და დათქმების მაქსიმალურად გამოყენებას. მეტიც – საერთაშორისო ვალდებულებები და ევროდირექტივები თავისთავად გულისხმობენ და მოიცავენ დაახლოების პროცესის მიმდინარეობას, რაც ქვეყანას დამატებით ლავირების საშუალებას აძლევს, რათა ნებისმიერი ნორმა იყოს თანხვედრაში და შესაბამისობაში ამა თუ იმ ქვეყნის სპეციფიკასთან, მოცემულ მომენტში ეკონომიკის განვითარების დონესთან და სხვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეთავაზებული ზოგიერთი ცვლილება საერთოდ სცდება ევროდირექტივების ფარგლებს და ასევე არ არის გამოყენებული ზემოაღნიშული ლავირების შესაძლებლობა.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრინციპული პოზიციაა, რომ ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში განხორციელდეს შესაბამისი ანალიზის საფუძველზე და ეტაპობრივად, რაც საშუალებას მოგვცემს, რეგულატორული პოლიტიკა იყოს ეფექტური, არ განვახორციელოთ გაუმართლებელი ტვირთის დაწესება ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის და ამავდროულად, დავრჩეთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცესის ფარგლებში“ – აღნიშნულია „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.