ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციასთან, რომლის შემადგენლობაში არიან ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის, ასევე ევროკომისიის, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. ილია დარჩიაშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

მინისტრმა ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ხელისუფლების მტკიცე ნება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მხრივ. თავის მხრივ, სტუმარი დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის განუხრელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ევროკავშირის მზაობას, გააგრძელოს აქტიური როლის შესრულება ამ პროცესში. დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ევროკავშირის სანდო და სტრატეგიული პარტნიორის როლზე შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, დაკავშირებადობის განვითარებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის პროცესში.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე. კომიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი და აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა. ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების ერთგულება ქვეყნის ევროპული კურსისადმი და მზაობა რეფორმების კომპლექსური დღის წესრიგის განხორციელებისადმი. მან სტუმრებს გააცნო ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესრულების მიმდინარეობა და გამოთქვა მოლოდინი, რომ, მნიშვნელოვანი პროგრესის შესაბამისად, საქართველო გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ კვლავ შედგა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, რაც ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის ძალზე ძლიერი პოლიტიკური გზავნილია.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 10-11 აპრილს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) წევრი ელჩები საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ელჩების შეხვედრები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან; ასევე დაგეგმილია დელეგაციის მიერ საქართველოს საოკუპაციო ხაზზე ვიზიტი. PSC-ის ელჩების ვიზიტი საქართველოში მეოთხედ იმართება. ბოლოს ანალოგიური ვიზიტი 2017 წელს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი (PSC) ამზადებს ევროკავშირის საბჭოს სხდომებს და სთავაზობს ევროკავშირის საბჭოს სტრატეგიულ მიმართულებებით რეკომენდაციებსა და პოლიტიკის განხორციელების გზებს. ასევე, კომიტეტი მონაწილეობს ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSFP) და ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) შემუშავებაში.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.