შრომითი მიგრაციის რეგულირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა
შრომითი მიგრაციის რეგულირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. კანონპროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში მთავრობა უფლებამოსილი იქნება, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით: შეზღუდოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა იმ პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება აჭარბებს (ან გადააჭარბებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ) მოთხოვნას; ასევე მთავრობას უფლება ექნება, წაახალისოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა ისეთი პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება ვერ აკმაყოფილებს (ან ვერ დააკმაყოფილებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ) მოთხოვნას.
კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს შრომითი მიგრაციის წესების დარღვევისთვის. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ საშუამავლო კომპანიის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის ან სერტიფიკატის გარეშე განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარის ოდენობით.
ამასთან, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება მესამედ, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით, ხოლო მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ჯარიმის სამმაგი ოდენობით (იგულისხმება 4 000 ლარის სამმაგი ოდენობა).
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ საშუამავლო კომპანიის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთვის ანგარიშის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება განმეორებით, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედების მესამედ ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას ჯარიმის სამმაგი ოდენობით (იგულისხმება 1 500 ლარის სამმაგი ოდენობა).
კანონპროექტით, ჯარიმაა გათვალისწინებული კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის განუხორციელებლობისთვის. ამ ქმედებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 2 000 ლარამდე.
ამასთან, ჯარიმაა განსაზღვრული შრომის ინსპექციის საქმიანობისათვის ხელის შეშლისთვის. კერძოდ, ამ კანონდარღვევისთვის სხვადასხვა შემოსავლის მქონე ფიზიკური პირისთვის სხვადასხვა რაოდენობის ჯარიმა წესდება, რომელიც 1 000 ლარიდან 7 000 ლარამდეა.