შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები მეოთხე საჯარო შეხვედრას გამართავენ
შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში დღეს მეოთხე საჯარო შეხვედრა გაიმართება, სადაც რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი დიმიტრი ცქიტიშვილი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, კოდექსში შესატანი ცვლილებების დეტალურ განხილვას განაგრძობს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საჯარო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართება და მისი მთავარი თემა შრომის კოდექსის აღსრულების და შრომის ინსპექციის შექმნის სამართლებრივი მექანიზმები იქნება.
შეხვედრას პარლამენტის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების წარმომადგენლები გახსნიან.
„უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ინსპექცია საქართველოში 2006 წელს გაუქმდა და მისი აღდგენა მოხდა 2015 წელს, შეზღუდული უფლებამოსილებით, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დეპარტამენტი. 2019 წლის თებერვალში შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის მიღებით ინსპექციას მიენიჭა შრომითი უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგის უფლებამოსილება კერძო და საჯარო სექტორის ნებისმიერ ორგანიზაციაში“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.
ავტორთა ცნობით, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შრომის ინსპექციის ფორმირება, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ყველა უფლებამოსილებით და მონიტორინგის მანდატით როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმების, ასევე შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით.
შეხვედრაზე განხილული იქნება სანქცირების მექანიზმები და მოცულობები კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ასევე, შრომის ინსპექციის სტრუქტურული მოწყობის საკითხები და მისი უფლებამოსილებები და ინსპექციის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
შრომის კოდექსის რეფორმის საჯარო განხილვების პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე თემატური შეხვედრა ბიზნესასოციაციების წევრებთან, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან, ადამიანური რესურსების (HR) სპეციალისტებთან და სამოქალაქო სექტორთან. პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, „მსგავსი დისკუსიების შედეგად უნდა დაახლოვდეს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების პოზიციები და შედეგად, სახელმწიფომ ყველასთვის მისაღები შრომის კოდექსი უნდა დაამტკიცოს“.
კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს.
შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. კანონპროექტის მომზადებასა და მისი საჯარო განხილვების ორგანიზებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული შრომის კოდექსის გაუმჯობესება და დახვეწა.
შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში მეოთხე საჯარო შეხვედრა 10:00 საათზე სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ გაიმართება.