დამსაქმებელთა ასოციაცია - გამოკითხულთა 51 პროცენტი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს სრულიად საჭიროდ მიიჩნევს
დამსაქმებელთა ასოციაცია - გამოკითხულთა 51 პროცენტი შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს სრულიად საჭიროდ მიიჩნევს

დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ დამსაქმებლების შეხედულებების კვლევა ჩაატარა. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში, 309 დამსაქმებელი გამოიკითხა, თვისობრივი კვლევის ნაწილში კი, ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმით, 20 მსხვილი კომპანია. შეხვედრები ჩატარდა სამ ფოკუსჯგუფთან, ჯამში 30 დამსაქმებლის მონაწილეობით. კვლევის მთავარი კითხვა 2020 წლის შრომის კოდექსის საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება იყო, სადაც გამოკითხულთა 51% საკანონმდებლო ცვლილებებს სრულიად საჭიროდ მიიჩნევს, 29%-მა შეაფასა, როგორც მეტ-ნაკლებად საჭირო, 14%-მა სრულიად არასაჭიროდ, დანარჩენ 6%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

„კვლევის ფარგლებში გამოვლინდა ძირითადი პრობლემური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია შრომის კოდექსის მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან და შრომის ინსპექტირების პროცესში არსებულ სიტუაციასთან. კერძოდ, დამსაქმებლები მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი გამოწვევა არის ნამუშევარი საათების აღრიცხვის ვალდებულების დაკისრება ნებისმიერი ტიპის საწარმოსთვის. აღნიშნულმა რეგულაციამ კომპანიებს გაუზარდა ფინანსური ხარჯი, ან/და გაუჩნდათ ახალი კადრის აყვანის ვალდებულება. რეგულაციის აღსრულების პროცესში გამოვლინდა ეფექტური მონიტორინგის განხორციელების შეუძლებლობა, რაც თავის მხრივ იწვევს შრომის ინსპექციის მხრიდან გაფრთხილებისა და ფინანსური სანქციების მიღების მაღალ რისკებს. ამასთან კომპანიების 34% მიიჩნევს, რომ მათი თანამშრომლების ნამუშევარი საათების ობიექტური აღწერა შეუძლებელია (მაგ.; დისტანციური მუშაობა, ოფისის გარეთ მუშაობა და ა.შ.). რაც შეეხება ინსპექტირების პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს, დამსაქმებლები მიიჩნევენ, რომ მთავარი პრობლემები დაკავშირებულია ინსპექტირების პროცესის წინასწარ შეუტყობინებლობასთან, გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიწოდებისთვის მინიჭებულ შევიწროებულ ვადებთან, რაც თავის მხრივ იწვევს საწარმოო პროცესის შეფერხებას. ასევე, გამოვლინდა ისეთი საკითხები, რომელთა შესახებაც კერძო სექტორი მიზანშეწონილად მიიჩნევს, თუ გათვალისწინებული იქნება საქმიანობის სპეციფიკა. დამსაქმებლებმა აღნიშნეს, რომ ბიზნეს პროცესებს აფერხებს ისეთი საკითხები, როგორებიცაა თვეში ერთხელ ხელფასის გაცემის ვალდებულება, შესვენების უფლებით სარგებლობის საკითხი შესასრულებელი სამუშაოს ტიპის გათვალისწინების გარეშე, დასაქმებულის ჯანმრთელობის ცნობის გამოთხოვის აკრძალვა, თითოეული არსებითი პირობის ხელშეკრულებით განსაზღვრის ვალდებულება და სხვა.

კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემურ საკითხებზე საპასუხოდ დამსაქმებელთა ასოციაციამ მოამზადა რეკომენდაციები რომლებიც წარუდგინა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრებს და სამომავლოდ ლობირების აქტიური მექანიზმების გამოყენებით საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენს შესაბამისი უწყებების წინაშე. კერძოდ, განსაზღვროს იმ პროფესიათა ჩამონათვალი, რომელიც გათავისუფლდება ნამუშევარი საათების აღრიცხვის ვალდებულებისაგან; შრომის ინსპექციის მიერ ხელშეკრულების პირობების განმარტებისას მხედველობაში იქნეს მიღებული კომპანიის საქმიანობა და სამუშაო სპეციფიკა; სოციალური პარტნიორობის ერთობლივი მონაწილეობით ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების გატარება“, – ნათქვამია დამსაქმებელთა ასოციაციის კვლევაში.