აშშ-ის საელჩო - მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ მშრომელთა უფლებების დასაცავად შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტის მიღებას
აშშ-ის საელჩო - მივესალმებით საქართველოს პარლამენტის მიერ მშრომელთა უფლებების დასაცავად შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტის მიღებას

პარლამენტის მიერ შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის კანონპროექტის მიღების შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„ამერიკის საელჩო საქართველოში მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ მშრომელთა უფლებების დასაცავად შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონპროექტის მიღებას.

დამსაქმებლების მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ინკლუზიური ზრდის, ეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისა და უკეთესი საინვესტიციო კლიმატის შექმნისთვის.

პირველად ქართველ დასაქმებულებს გარანტირებული ექნებათ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, სამსახურიდან გათავისუფლების სარგებელი და დეკრეტული შვებულება მამაკაცებისთვის.

შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება, გამოუცხადებლად ჩაატაროს ინსპექცია ყველა სექტორში. ეს კანონი საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებისა და სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცების გზაზე წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ამერიკის საელჩო ყურადღებით დააკვირდება ამ ცვლილებების განხორციელებას, შრომის ინსპექტირების გაფართოებული მანდატის ჩათვლით, რაც მშრომელთა სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი იქნება“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

პარლამენტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.