შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი - შემოწმებული 50 საწარმოდან შრომის უსაფრთხოების ნორმები ყველა მათგანში დარღვეულია
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი - შემოწმებული 50 საწარმოდან შრომის უსაფრთხოების ნორმები ყველა მათგანში დარღვეულია

პირველი აგვისტოდან დღემდე შრომის პირობების უსაფრთხოება 50-მდე საწარმოში შემოწმდა, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ. 50-ვე შემთხვევაში დარღვევები აღმოჩნდა და, შესაბამისად, დამსაქმებლის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახე – გაფრთხილება. ერთ შემთხვევაში კი, გაფრთხილების შემდეგ გაცემული მითითების შეუსრულებლობის გამო, გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის სახე – ჯარიმა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან აცნობეს.

პირველმა არხმა ასევე გამოითხოვა შემოწმებული კომპანიების ჩამონათვალი. ამ ეტაპზე უწყებამ 20 კომპანიის მონაცემები მოგვაწოდა. მათივე განცხადებით, შემოწმებული საწარმოების ჩამონათვალს, მათში დაფიქსირებულ დარღვევებთან ერთად, პირველ არხს ეტაპობრივად მიაწვდიან.

რაც შეეხება მოწოდებულ სიას, მასში შემდეგი საწარმოები შედის:

„დაჩი-98“ – ქაღალდის წარმოება;

„პოლიედრო“ – პლასტმასის საფუთავების წარმოება;

„ჯორჯიან ბილნდინგ გროუფი“ – ცემენტის წარმოება;

„ხრამჰესი ერთი“, „ხრამჰესი ორი“ – ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ;

„მიქსორი“ – ბეტონის წარმოება;

„რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“ – არმატურის საამქრო;

„კაპაროლ ჯორჯია“ – სარემონტო მასალები;

„გეგმეტი“ – ალუმინის საამქრო;

„უნიმეტი“ – გადასახური მასალების წარმოება და რეალიზაცია;

„ევროტექსი“ – ტანსაცმლის წარმოება;

„ავერსი რაციონალი“ – მედიკამენტების წარმოება;

„კარიერი“ (ხობი) – ღორღიანი და ქვიშიანი კარიერების დამუშავება;

„ვოგგი“ – ფეხსაცმლის წარმოება;

„პოლიმერ პლასტი“ – პლასტმასის ფილების, ფურცლების, მილებისა და პროფილების წარმოება;

„მტკვარი ენერჯი“ – ელექტროენერგიის წარმოება თბოელექტროსადგურების მიერ;

„ხრამი“, მარნეული;

„მედაირი“;

„ჯეოსთილი“ – არმატურის წარმოება.

რაც შეეხება დასახელებულ საწარმოებში აღმოჩენილ დარღვევებს, ესენია: მიკროკლიმატის პარამეტრებისა და ხმაურის გაზომვის დოკუმენტაციის არარსებობა, სპეცტანსაცმლითა და სპეცფეხსაცმლით არასათანადო უზრუნველყოფა, საფრთხის შემცველი ფაქტორების გამოვლენა და რისკების შეფასების არარსებობა. გარდა ამისა, რამდენიმე საწარმოს შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოიქმნება ხმაური, რომელიც სმენის დაქვეითებისა და ფიზიკური გადაძაბვის მომატებულ რისკს ქმნის. რამდენიმე საწარმოში სიმაღლიდან ვარდნის საფრთხეც დადგინდა. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც არ არსებობდა მოაჯირი, რომელიც გამორიცხავს დასაქმებულთა სიმაღლიდან ვარდნას; მოუწესრიგებელი იყო ელექტროუსაფრთხოება, არსებობდა ტრავმატიზმის საფრთხე, არ იყო დამონტაჟებული ეფექტიანი გამწოვი-სავენტილაციო სისტემა.

შემოწმებული საწარმოების დიდ ნაწილში არ არის გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ თრობაზე შემოწმებას.

ერთ-ერთ შემთხვევაში, კერძოდ, „ავერსი რაციონალის“ ქიმიურ ლაბორატორიაში და ნარჩენების მართვის (მათ შორის საფრთხის შემცველი ნარჩენების) ზედამხედველად დასაქმებული იყვნენ ორსული ქალები. საწარმოში არ იყო შემუშავებული საგანგებო სიტუაციების დროს სამოქმედო და საევაკუაციო გეგმა.

მომეტებული საფრთხის შემცველი საწარმოების არანებაყოფლობითი ინსპექტირება მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოებში შესვლა შრომის ინსპექტორებს წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეუძლიათ.