შრი-ლანკაში ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატის სახლები დაწვეს
შრი-ლანკაში ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატის სახლები დაწვეს

შრი-ლანკაში ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის რამდენიმე დეპუტატის სახლები დაწვეს.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ეკონომიკური კრიზისის გამო აგორებული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, შრი-ლანკის მთავრობის მეთაური მაჰინდა რაჯაპაკსა თანამდებობიდან გადადგა.

მიუხედავად პრემიერ-მინისტრის გადადგომისა, განრისხებულმა დემონსტრანტებმა მისი რეზიდენციის შტურმის აღება სცადეს. ამას მოჰყვა შეტაკება ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის.

ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

ამის შემდეგ დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ დეპუტატებს, რომელთაგან ერთ-ერთმა ცეცხლი გაუსხნა მომიტინგეებს, რომლებმაც მისი მანქანის გადაყირავება სცადეს. დეპუტატის მიერ ნასროლ ტყვიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, შემდეგ კი თავად კანონმდებლებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

ღამით განრისხებულმა დემონსტრანტებმა პრემიერ-მინისტრის, სხვადასხვა მინისტრისა და დეპუტატების სახლებს ცეცხლი გაუჩინეს. დამწვარია შრი-ლანკის მმართველი ოჯახის მუზეუმიც.

არეულობის შედეგად, შრი-ლანკის პოლიციის ცნობით, შვიდი ადამიანი დაიღუპა და 190-ზე მეტი დაშავდა. ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს.

აქტივისტების ნაწილი მოითხოვს, თანამდებობა დატოვოს პრეზიდენტმა გოტაბაია რაჯაპაკსამ, რომელიც გადამდგარი პრემიერ-მინისტრის ძმაა.

შრი-ლანკა დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. ქვეყნის სავალუტო რეზერვები ფაქტობრივად ამოწურულია. მოქალაქეები ვერ ყიდულობენ საკვებსა და მედიკამენტებს. მთავრობამ უკვე მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარების თხოვნით.