შორეულ ეგზოპლანეტაზე ჰელიუმი აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
შორეულ ეგზოპლანეტაზე ჰელიუმი აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში

პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა, სხვა ვარსკვლავის გარშემო მოძრავი პლანეტის ატმოსფეროში ჰელიუმი დააფიქსირეს.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა ინერტული გაზი ე. წ. სუპერნეპტუნის ტიპის ეგზოპლანეტა WASP-107b-ზე აღმოაჩინა. ეს პლანეტა დედამიწიდან 200 სინათლის წლის მანძილზე, ქალწულის თანავარსკვლავედში მდებარეობს.

ეს აღმოჩენა ნამდვილი გარღვევაა. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით ჩატარებული დაკვირვებების შედეგად, 2017 წელს აღმოჩენილი ეგზოპლანეტის ზედა ატმოსფეროში დიდი ოდენობით ჰელიუმი გამოვლინდა.


ჰელიუმის სიგნალები იმდენად ძლიერია, რომ მეცნიერთა აზრით, პლანეტის ატმოსფეროს ზედა ნაწილი კოსმოსში ათობით ათას კილომეტრზე ივრცობა.

ჰელიუმი სამყაროში მეორე ყველაზე გავრცელებული ელემენტია. უკვე დიდი ხანია არსებობს პროგნოზი, რომ ის ადვილად დასაფიქსირებელი აირი უნდა იყოს გიგანტურ ეგზოპლანეტებზე. თუმცა, ეს ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

ამ აღმოჩენის შემდეგ, მეცნიერებს სჯერათ, რომ სრულიად ახალი გზა იხსნება დედამიწის ზომის პლანეტათა ატმოსფეროს აღმოჩენისთვის მთელი გალაქტიკის მასშტაბით.

„იმედი გვაქვს, რომ ამ მეთოდს გამოვიყენებთ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპითაც და შევისწავლით, მაგალითად, რა სახის პლანეტებია გახვეული წყალბადისა და ჰელიუმის საბურველში; ასევე, რამდენი ხნით შეუძლიათ პლანეტებს ატმოსფეროს შენარჩუნება. ინფრაწითელი სინათლის გაზომვით, კოსმოსში იმაზე გაცილებით შორს გავიხედავთ, ვიდრე ამას ულტრაიისფერით ვახერხებთ. ჯეიმს ვები ინფრაწითელ დიაპაზონში იმუშავებს“, – ამბობს ჯგუფის წევრი, ფიზიკოსი ჯესიკა სპეიკი.

WASP-107b ძალიან დაბალი სიმკვრივის პლანეტაა. არის დაახლოებით იუპიტერის ზომის, მაგრამ აქვს მისი მასის მხოლოდ 12 პროცენტი. თავის დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ 6 დღეში ერთხელ და აქვს ერთ-ერთი ყველაზე ცივი ატმოსფერო ეგზოპლანეტათა ამ დრომდე აღმოჩენილ ატმოსფეროებს შორის. თუმცა, მისი ტემპერატურა დედამიწისაზე მაინც გაცილებით მაღალია და 500 გრადუს ცელსიუსს აღწევს.

ჰელიუმის დაფიქსირება ასტრონომებმა ეგზოპლანეტის ატმოსფეროს ზედა ნაწილში გამავალი სინათლის სპექტრის ანალიზის შედეგად შეძლეს.

მკვლევართა თქმით, აღმოჩენილი ჰელიუმი სივრცეში საკმაოდ შორს ივრცობა და პლანეტას გარს ეკვრის გაუხშოებული ღრუბლის სახით. თუკი ჰელიუმის ასეთი ღრუბლები უფრო პატარა, დედამიწის ზომის ეგზოპლანეტებსაც აქვთ, ამ ახალი მეთოდის წყალობით, მათი ატმოსფეროს ზედა ნაწილის შესწავლა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი.

ჰელიუმი პირველად 1868 წელს ყვითელი სპექტრული ხაზების სახით შენიშნეს მზის სინათლეში. ასტრონომმა ნორმან ლოკერმა პირველმა ივარაუდა, რომ ეს ხაზები სინამდვილეში ახალ ელემენტზე მიუთითებდა, რომელსაც სახელი ბერძნული მითოლოგიის მზის ტიტანის — ჰელიოსის პატივსაცემად უწოდა.

ამის შემდეგ გაირკვა ისიც, რომ ჰელიუმი იუპიტერისა და სატურნის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ელემენტია.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია xeter.ac.uk-ის მიხედვით