აღმოჩენილია იმდენად ბნელი „ცხელი იუპიტერი“, რომ ის სინათლის 99%-ს შთანთქავს
აღმოჩენილია იმდენად ბნელი „ცხელი იუპიტერი“, რომ ის სინათლის 99%-ს შთანთქავს

ასტრონომებმა აღმოაჩინეს იმდენად მუქი პლანეტა, რომ მისი ნისლის სქელი საბურველი მასში გამავალ სინათლეს თითქმის მთლიანად შთანთქავს. ასტრონომებმა ის ნახშირს შეადარეს. წარმოადგენს ამ დრომდე აღმოჩენილ ერთ-ერთ ყველაზე ბნელ პლანეტას.

საქმე ეხება პლანეტას სახელად WASP-104b, რომელიც ე. წ. ცხელი იუპიტერის ტიპს მიეკუთვნება.

ცხელი იუპიტერები საკმაოდ უცნაურია. წარმოადგენენ დაახლოებით იუპიტერის მასის გაზის გიგანტებს, მაგრამ თავიანთ დედავარსკვლავთან იმდენად ახლოს მოძრაობენ, რომ ერთ გარშემოვლას სულ რაღაც 10 დღეზე ნაკლებს ანდომებენ.

ასეთი სიახლოვის გამო, ეს პლანეტები უკიდურესად ცხელია. ისინი სულაც არაა იშვიათობა, მაგრამ გამოირჩევიან მთელი რიგი ისეთი მახასიათებლებით, რომლებიც მათ გარკვეულწილად იდუმალს ხდის.

ერთ-ერთი ასეთი თვისება ისაა, რომ ცხელი იუპიტერები შედარებით ბნელია. უმეტესი მათგანი ირეკლავს მათთან მიღწეული სინათლის მხოლოდ 40 პროცენტს.

თუმცა ხანდახან, ასტრონომები უფრო ბნელ ეგზემპლარებსაც პოულობენ, WASP-12b-ის მსგავსს. იგი გასულ წელს აღმოაჩინეს და გაირკვა, რომ შთანთქავს მასზე დაცემული სინათლის 94 პროცენტს.

ახლად აღმოჩენილი WASP-104b გაცილებით ბნელია. დიდი ბრიტანეთის კილის უნივერსიტეტის მკვლევართა ცნობით, იგი სინათლის 97-99%-ს შთანთქავს.

„ეს პლანეტა შედის ამ დრომდე ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ბნელ პლანეტათა ხუთეულში, ვფიქრობ, სამეულშიც“, — უთხრა გამოცემა New Scientist-ს კვლევის ავტორმა, ასტროფიზიკოსმა ტეო მოსნიკმა.

ასეთი სიბნელის მიზეზი, სავარაუდოდ, დედა ვარსკვლავთან უკიდურესი სიახლოვეა. დედავარსკვლავი ყვითელი ჯუჯაა, რომელიც ჩვენგან 466 სინათლის წლის მანძილზე, ლომის თანავარსკვლავედში მდებარეობს.

ცხელ იუპიტერთა უმეტესობის მსგავსად, WASP-104b-იც გრავიტაციულად ჩაკეტილია, ანუ მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავს უყურებს.

გამომდინარე აქედან, WASP-104b-ის ერთ მხარეს მუდმივად დღეა, მეორე მხარეს კი ღამე. იგი იმდენად ახლოსაა დედავარსკვლავთან, რომ მანძილი დაახლოებით 4,3 მილიონი კილომეტრია და ერთ სრულ გარშემოვლას მხოლოდ 1,75 დღეს ანდომებს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღის მხარე იმდენად ცხელია, რომ ვერ წარმოიქმნება ღრუბლები; როგორც ვენერას შემთხვევა აჩვენებს, ღრუბლები ძალიან ამრეკლავია. ამავე დროს, იგი იმდენად ცხელია, რომ ვერ წარმოიქმნება ვერც ყინული; სატურნის მთვარე ენცელადის შემთხვევა აჩვენებს, რომ ყინულით დაფარული ზედაპირიც შეიძლება იყოს საკმაოდ კაშკაშა.

სამაგიეროდ, WASP-104b-ს აქვს სქელი, ნისლოვანი ატმოსფერო, რომელიც უნდა შეიცავდეს ატომურ ნატრიუმსა და კალიუმს, რომლებიც სინათლეს ხილულ სპექტრში შთანთქავენ და პლანეტის დღის მხარეს ძალიან აბნელებენ.

ღამის მხარეს ღრუბლების წაროქმნა შესაძლებელია, მაგრამ იმის გამო, რომ მას ვარსკვლავის შუქი ვერასოდეს ხვდება, რაიმეს არეკვლა შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივზე ბნელები არიან, ცხელი იუპიტერების აღმოჩენა ნორმალურ პლანეტებზე ძნელი არ არის. ისინი ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ სიკაშკაშით მათი აღმოჩენა შეუძლებელია.

სამაგიეროდ, მათი აღმოჩენა მარტივია ტრანზიტის მეთოდით, ანუ დედავარსკვლავთა გარშემო მათი მოძრაობით გამოწვეული რეგულარული ჩაბნელებების გზით. ამ საკმაოდ ეფექტიან მეთოდს იყენებს NASA-ს პლანეტებზე მონადირე ტელესკოპი კეპლერი. იგივე ხერხს გამოიყენებს რამდენიმე დღის წინ გაშვებული პლანეტებზე მონადირე ახალი ტელესკოპი TESS-იც.

იმის გამო, რომ ცხელი იუპიტერები საკმაოდ დიდია და დედავარსკვლავთან ახლოს მოძრაობენ, მათი აღმოჩენა შესაძლებელია რადიალური სიჩქარის მეთოდითაც. ამ დროს, მის გარშემო მოძრავი მოზრდილი სხეულის გრავიტაციის გამო, ვარსკვლავი აკეთებს მცირე წრიულ მოძრაობებს.

არეკვლის თვალსაზრისით, ისინი არც ისე შავია, როგორც ნახშირი, მაგრამ არ გამოასხივებენ სინათლეს. უკიდურესი სიცხის გამო, ისინი ვარვარებენ მეწამული ჰეჰემატომის ან მუქი, გამდნარი წითლის მსგავსად. წარმოიდგინეთ კოცონში მოვარვარე ნაკვერჩხალი.

ამ დრომდე ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ბნელი პლანეტაა TrES-2b, რომელიც უკან აირეკლავს მასზე დაცემული სინათლის მხოლოდ 0,1 პროცენტს. თუმცა, კვლევები გრძელდება და სტატუსი მას შესაძლოა, WASP-104b-მა ჩამოართვას.

კვლევა ჯერ რეზენცირებული არ არის, მაგრამ ხელმისაწვდომია სერვერ arxiv.org-ზე.

მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით