შეძლებს თუ არა მხოლოდ ორი ადამიანი დედამიწის ხელახლა დასახლებას - რას ამბობს მეცნიერება
შეძლებს თუ არა მხოლოდ ორი ადამიანი დედამიწის ხელახლა დასახლებას - რას ამბობს მეცნიერება

ადამმა და ევამ შეიძლება ეს ბიბლიაში მოახერხეს, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით, საინტერესოა, შესძლებდა თუ არა ორი ადამიანი დედამიწის ხელახლა დასახლებას? თუ გავითვალისწინებთ ვიწრონათესაურ გამრავლებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებსა და შეზღუდულ გენოფონდს?

პირველ ყოვლისა, მოდი, გავუმკლავდეთ აშკარა პრობლემებს. „ახალი“ თაობის პირველი წარმომადგენლები დანამდვილებით იქნებიან და-ძმები; მეორე თაობა ბიძაშვილები.

მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ეს პირველი ან მეორე ხარისხის ნათესავები ერთმანეთისგან ბავშვებს აჩენენ, შედეგები არც თუ ისე ლამაზია.

1933-1970 წლებში, ჩეხეთში, ახლო ნათესავი მშობლების მიერ გაჩენილი ბავშვების კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი იყო ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ფიზიკური და მენტალური დარღვევები.

ასევე აღსანიშნავია, რომ წყნარ ოკეანეში, მიკრონეზიის კუნძულ პინგელაპზე მაღალია დალტონიზმის მაჩვენებელი, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მას შემდეგ, რაც კუნძულს თავს დაატყდა გამანადგურებელი ტაიფუნი, პინგელაპის ხელახლა დასახლება გადარჩენილი 20 ადამიანისგან მოხდა.

BBC Future-ისთვის მომზადებულ მასალაში, ზარია გოვრეტი გვთავაზობს კიდევ ერთ შემთხვევას — ევროპის სამეფო საზოგადოებებს და სტრატეგიულ ქორწინებებს მათ შორის. ყველაზე საუკეთესო მაგალითია ესპანეთის მეფე კარლ II, რომელიც ფიზიკური და მენტალური შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადა, რასაც ესპანელ მეცნიერთა ჯგუფი მის მაღალ „ვიწრონათესაურ კოეფიციენტს“ უკავშირებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორივე მშობლისგან მას მემკვიდრეობით ერგო ბევრი იდენტური გენი.

არის კიდევ სხვა მრავალი კვლევა, მაგრამ ყველა მაგალითში არის ერთი და იგივე თვალნათელი პრობლემა: პატარა გენოფონდი.

მემკვიდრეობით მიღებული იშვიათი დაავადებები (მათ შორის ზემოთხსენებული დალტონიზმი) როგორც წესი, გამოწვეულია გენების ორი ასლის გადაცემით როგორც მამის, ისე დედისგან.

და თუ მშობლები და-ძმა არიან, დიდი ალბათობაა, რომ მათი გენები მსგავსი იყოს. ამის შემდეგ, პრობლემა თაობებს გადაეცემა.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა. გენეტიკური მრავალფეროვნება სახეობებს პრობლემის დაძლევის საშუალებას აძლევს. ცნობილია, რომ ვიწრონათესაური გამრავლება ძლიერ აზიანებს სპერმის ხარისხსაც.

„პატარა ზომის მოსახლეობაში ადრე თუ გვიან ყველა ერთმანეთს უკავშირდება. ურთიერთდამოკიდებულების ზრდასთან ერთად, ვწირონათესაური გამრავლების ეფექტები უფრო მნიშვნელოვანი ხდება“, — უთხრა BBC Future-ს ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტის მკვლევარმა ბრიუს რობერტსონმა. იგი იმ ჯგუფის წევრია, რომელიც კაკაპოს თუთიყუშების დარჩენილი პოპულაციის გადაშენებისგან დაცვას ცდილობს.

ადამიანთა ცივილიზაციის ისტორია აჩვენებს, რომ გადარჩენილთა მცირე ჯგუფებმა არაერთხელ შესძლეს რიცხვებში ზრდა და გენეტიკის უკან მდგომი მათემატიკური ალბათობების დაძლევა: გავიხსენოთ ჰუტერიტების საზოგადოება ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც მხოლოდ 18 ოჯახის შთამომავალია.

„დაბალი გენეტიკური მრავალფეროვნების მოკლევადიანი ეფექტების მტკიცებულება ძალიან ძლიერია, მაგრამ ეს ყველაფერი ალბათობაზეა. ყველაფერი შესაძლებელია“, — ამბობს ანთროპოლოგი ჯონ მური, რომელიც NASA-სან ერთად იკვლევს ადამიანთა მიერ სხვა პლანეტების კოლონიზაციის შესაძლებლობას.

მომზადებულია BBC Future-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით