შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 2020 წლიდან 80 ევრომდე გაიზრდება
შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 2020 წლიდან 80 ევრომდე გაიზრდება

შენგენის ზონის სავიზო მოსაკრებელი 2020 წლის იანვრიდან, 60-დან 80 ევრომდე გაიზრდება.

სავიზო კოდექსის შესაბამისი ცვლილებები ევროკავშირის საბჭომ დღეს დაამტკიცა.

„წევრი სახელმწიფოების მიერ ვიზის გაცემის ხარჯების დაფარვის გასაუმჯობესებლად, განმცხადებლებისთვის დაბრკოლებების შეუქმნელად, სავიზო მოსაკრებელი 80 ევრომდე გაიზრდება. რეგულაცია ასევე ყოველ სამ წელიწადში სავიზო მოსაკრებლის გადახედვის მექანიზმს ითვალისწინებს “, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული ცვლილებები ეხება ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი აქვთ.

შესაბამისი ცვლილებები ევროკომისიამ გასულ წელს წარადგინა. ახალი წესების თანახმად, განმცხადებელმა აპლიკაცია მგზავრობამდე მაქსიმუმ ექვსი თვით ადრე უნდა წარადგინოს და არა უგვიანეს 15 დღისა. მოქმედი წესებით, აპლიკაციის წარდგენის მაქსიმალური პერიოდი სამი თვეა.

გარდა ამისა, შეცვლილი წესებით, მომავალი წლიდან დადებითი ისტორიის მქონე მოგზაურებს შეეძლებათ, მრავალჯერადი ვიზა ერთის ნაცვლად, ხუთწლიანი პერიოდით აიღონ.

ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული ცვლილებები რეადმისიის ფარგლებში მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის მონიტორინგსაც ითვალისწინებს. ქვეყნებს, რომლებიც არ ითანამშრომლებენ რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირმა შესაძლოა, სავიზო რეჟიმი გაუმკაცროს და პირიქით, ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად ითანამშრომლებენ, შესაძლოა, სავიზო წესები გაუმარტივდეთ, რაც სავიზო მოსაკრებლის შემცირებას ან მრავალჯერადი ვიზის მოქმედების ვადის გაზრდას გულისხმობს.