ასდღიანი წყვეტის შემდეგ, ახალ ზელანდიაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გაჩნდა მოსაზრება, რომ ვირუსი ქვეყანაში იმპორტირებული, შეფუთული საკვებით შევიდა.
Reuters-ის ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ახალი გავრცელება შეიძლება დაკავშირებული იყოს გაყინულ პროდუქტებთან, რადგან ერთ-ერთი ინფიცირებული პაციენტი მუშაობს სუპერმარკეტში, რომელშიც ასეთი პროდუქტები ოკეანისგაღმიდან შედის.
მსგავსი შემთხვევის შესახებ იუწყება ჩინეთიც — ვირუსის კვალი აღმოაჩინეს ეკვადორიდან იმპორტირებულ გაყინულ კრევეტებსა და ბრაზილიიდან იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ფრთებში.
NBC News-ის ცნობით, ქალაქ შენჟენის ჯანდაცვის მუნიციპალური კომისია, რომელმაც დაბინძურებული ქათმის ფრთების შეფუთვები დააფიქსირა, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ იფრთხილონ იმპორტირებული გაყინული ხორცპროდუქტების შეძენისას.
თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ გაყინული პროდუქტებიდან COVID-19-ით ინფიცირების შანსი ძალიან მცირეა.
„შესაძლებელია, მაგრამ ადამიანის სხეულის გარეთ ვირუსი ძალიან არასტაბილურია“, — ამბობს მენის უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოსამედიცინო ინჟინრი კეტლინ ჰოუელი.
მისივე განცხადებით, გაყინვა ან მაცივარში მოთავსება ვირუსს ეხმარება ინფექციურობის პერიოდის გახანგრძლივებაში, მაგრამ ზედაპირიდან გადადების შემთხვევები მაინც იშვიათია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ზედაპირები გაყინული ან გაციებულია.
მართლაც, შენჟენის ჯანდაცვის კომისია იუწყება, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც დაბინძურებულ გაყინულ პროდუქტებთან ჰქონდათ შეხება, COVID-19 არც ერთს არ აღმოაჩნდა.
ჩინეთის ჯანდაცვის უწყებებმა გაყინულ პაკეტებში კორონავირუსი ადრეც დააფიქსირეს. NBC News-ის ცნობით, ვირუსის კვალი ჰქონდა უცხოეთიდან ქალაქ იანტაიში გემით შეტანილ გაყინული ზღვის პროდუქტების შეფუთვებს. წინა თვეში, იმპორტირებულ გაყინულ პროდუქტებზე კორონავირუსი ასევე აღმოაჩინეს ქალაქ დალიანში, სიამენსა და პინსიანში.
თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის გადაუდებელი პროგრამის ხელმძღვანელის, მაიკლ რაიანის განცხადებით, ასეთი აღმოჩენები შეშფოთების საგანი არ არის.
„არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსის გადადებაში ჩართულია საკვები ან კვების ჯაჭვი და შესაბამისად, ხალხს შეუძლია თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. არ უნდა შეეშინდეთ საკვების, მისი შეფუთვის ან მომზადების, არც მათი მიღების“, — აღნიშნა რაიანმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ჩინეთმა ასობით ათასი შეფუთვა შეამოწმა, მაგრამ კორონავირუსი მათგან მხოლოდ ათს აღმოაჩნდა.
ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის, რეიჩელ გრეჰემის განცხადებით, ამის მიზეზი ის არის, რომ ასეთ პაკეტებზე მოხვედრისას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვირუსი გადარჩეს მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მათი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანისთვის არის საჭირო.
„ასეთ ზედაპირზე, გაყინვის შემთხვევაშიც კი, ვირუსი შრება და ხმება, რაც მას სრულიად არაინფექციურს ხდის“, — ამბობს გრეჰემი და იქვე დასძენს, რომ ვირუსს კლავს გაყინულის გალღვობის პროცესიც.
გარდა ამისა, როგორც ის ასევე აღნიშნავს, ჩინეთში შეფუთვებზე სავარაუდოდ აღმოაჩინეს ვირუსული რნმ, რაც დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს.
„მართალია რნმ ვირუსოლოგიურად ინფექციურია, მაგრამ პრაქტიკაში ასე არ არის“, — ამბობს იგი.
ადამიანს კორონავირუსი შეიძლება გადაედოს იმ შემთხვევაში, თუ შეეხება ზედაპირს ან ობიექტს, რომელზეც ვირუსული ნაწილაკებია მობნეული, შემდეგ კი შეეხება თავის პირს, ცხვირს ან თვალებს. ობიექტის ზედაპირზე ვირუსის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ამ ობიექტის მასალის ტიპზე. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ვირუსი სამ საათს სძლებს ქსოვილებსა და საბეჭდ ქაღალდზე; კიდევ ერთი კვლევის მიხედვით კი, ვირუსული ნაწილაკები ერთ დღემდე სძლებს მუყაოზე და სამ დღემდე პლასტიკის ნაწარმსა და უჟანგავ ფოლადზე.
თუმცა, კორონავირუსი ძირითადად უფრო ჰაერში გაფანტული რესპირატორული წვეთებით ვრცელდება, ვიდრე საერთო გამოყენების ზედაპირებით.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, ვირუსი ადვილად ვერ ვრცელდება დაბინძურებული ზედაპირებიდან, მაგრამ სააგენტო ადამიანებს მაინც ურჩევს, რომ რუტინულად გაასუფთაონ და დეზინფექცია ჩაუტარონ ხშირად შეხებად ზედაპირებს.
ჰოუელი და გრეჰემი მიმწოდებლებსაც და მყიდველებსაც ურჩევენ, რომ პანდემიის დროს იყვნენ უფრო ფხიზლად და გულმოდგინედ.
„საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მწარმოებლებმა, მიმწოდებლებმა და ამ ჯაჭვში ჩართულმა სხვა ადამიანებმა გააკეთონ, არის ნიღბების ტარების, ხელების ბანვისა და ავად ყოფნის დროს სახლში დარჩენის ძლიერი, ეფექტიანი პოლიტიკა“, — ამბობს მენის უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოსამედიცინო ინჟინერი კეტლინ ჰოუელი.
ინდივიდუალურ მყიდველებს კი ის ურჩევს, რომ სახეზე ხელით შეხებისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ იქამდე, ვიდრე ხელების დაბანის ან სადეზინფექციო ხსნარის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.
ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი რეიჩელ გრეჰემის განცხადებით კი, გაცილებით მაღალია იმის შანსი, რომ სუპერმარკეტში ვირუსით დაბინძურებულ რაიმე ზედაპირს შევეხოთ, ვიდრე ვირუსს გაყინული საკვების შეფუთვაზე გადავაწყდეთ.
„ამაზე ნამდვილად არ უნდა იდარდოთ, მაგრამ აუცილებლად ფრთხილად უნდა იყოთ რაიმეს შეხების შემდეგ სახეზე ხელის მოკიდებისას“, — ამბობს იგი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.