„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, 19-21 ივნისს დაზარალებულებისთვის კომპენსაციები დაწესდეს
„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, 19-21 ივნისს დაზარალებულებისთვის კომპენსაციები დაწესდეს

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, 19-21 ივნისს დაზარალებულ პირთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდეს და მათთვის კომპენსაციები დაწესდეს. ცვლილებებით განსაზღვრულია კომპენსაციის გაცემის წესი, კომპენსაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირები და კომპენსაციის ოდენობა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ პირებს, რომლებმაც მიიღეს სხეულის ან ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება; ასევე პირებს (მათ ოჯახს), რომელთაც მიღებული დაზიანების მკურნალობისა და რეაბილიტაციისათვის გასწიეს შესაბამისი ხარჯები.

კანონპროექტის თანახმად, კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სხეულის ან ჯანმრთელობის რა სახის დაზიანება მიიღო პირმა. კერძოდ, ცვლილებებით, პირებმა, რომელთაც მიიღეს სხეულის ან ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მათთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ერთჯერადად – 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით; პირებმა, რომელთაც მიიღეს სხეულის ან ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, მათთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ერთჯერადად 2 000 (ათასი) ლარის ოდენობით; პირებმა, რომელთაც მიიღეს სხეულის ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მათთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ერთჯერადად 3 000 ლარის ოდენობით;

ამასთან, პირებმა, რომელთაც მიიღეს სხეულის ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რასაც მოჰყვა მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, სხეულის ან მისი ნაწილის წარუშლელი დაზიანება ან ინვალიდობა, მათთვის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ერთჯერადად 12 000 ლარის ოდენობით, ასევე მათთვის გათვალისწინებულია ყოველთვიური კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით, სიცოცხლის ბოლომდე.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პირის მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის გაწეული ხარჯების კომპენსაციის სახით, სრული ოდენობით ანაზღაურებას.

დატოვე კომენტარი