შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის დაკითხვა დასრულდა
მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის, დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანის დაკითხვა დასრულდა.
გამოძიების ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე ვახტანგ ახვლედიანს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რაც ექსპერტიზით არის დადასტურებული და მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.
თითქმის 4-საათიანი დაკითხვის შემდეგ მან მედიასთან მხოლოდ ის განაცხადა, რომ სხდომაზე გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება დაადასტურა. მისმა ადვოკატმა, კახა წერეთელმა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ვახტანგ ახვლედიანს დასახელებული აქვს, ვინ მიაყენა დაზიანებები.
„თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან, მაგრამ იგივე ჩვენება დაადასტურა. სახელებისა და გვარების თაობაზე მე თავს შევიკავებ. თავის დროზეც იყო დასახელებული და ახლაც. დაზიანებები ვინ მიაყენა, ესეც ჰქონდა უკვე ნათქვამი“, – განაცხადა კახა წერეთელმა.