შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი 15 ოქტომბერს განახლდება
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა. არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე ბრალდების მხარე შესავალი სიტყვით წარდგა, დაცვის მხარე კი შესავალი სიტყვით სასამართლოს შემდეგ პროცესზე მიმართავს.
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა როგორც საქმის პროკურორმა, ისე ადვოკატმა.
არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, პროკურატურას ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.
ადვოკატის თქმით, შესავალ სიტყვაში პროკურორებს არ უსაუბრიათ, როგორ მოხდა შაქარაშვილისთვის დაზიანებების მიყენება და როგორ აღმოჩნდა ის წყალში.
„დღეს ბრალდებამ წარმოადგინა შესავალი სიტყვა, ჩვენ კი შემდეგ სხდომაზე წარმოვადგენთ. ბრალდების მხარემ ყვრლაფერი ილაპარაკა, რა მოხდა იმ დღეს, ერთი დეტალის გარდა – როგორ მოხდა დაზიანებების მიყენება, გიორგი შაქარაშვილის წყალში ჩავარდნა, ვინ დაინახა ეს. მსგავსი არაფერი უთქვამს. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ არ არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. დაპირისპირება დაიწყო აგარაკზე, გასაგებია. წყალში როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი, ამის გარდა ყველაფერზე ისაუბრეს“, – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.
საპირისპიროს აცხადებს ბრალდების მხარე. საქმის პროკურორის თქმით, შესავალ სიტყვაში ყურადღება გაამახვილეს სწორედ იმ მტკიცებულებებზე, რაც, მისივე განმარტებით, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ხუთივე ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა.
„დღეს დაიწყო შაქარაშვილის საქმის არსებითი განხილვა. ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ დანაშაული ყველამ – ამ ხუთმა ბრალდებულმა ჩაიდინა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გარემოებებში მოხდა მკვლელობა. ყურადღება გავამახვილეთ იმ მტკიცებულებებზე, რაც ერთობლიობით იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ბრალდებულებმა დანაშაული ჩაიდინეს“, – აღნიშნა დავით ყაზარაშვილმა.
მკვლელობის ეპიზოდზე შემდეგი სხდომა 15 ოქტომბერს არის ჩანიშნული.