მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი გაგრძელდება
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესი გაგრძელდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე ორი არასრულწლოვანი დაიკითხება.

ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის, როსტომ კერესელიძის თქმით, ბოლო პროცესზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს ადვოკატის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება ვერ მიიღო და სავარაუდოდ, დღევანდელ სხდომაზე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, დაერთოს თუ არა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სისხლის სამართლის საქმეს. როსტომ კერესელიძის განცხადებით, ამის შემდეგ დაიწყება ორი არასრულწლოვანის გამოკითხვა 18 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

„ბოლო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იყო ზ.ხ.-ს ადვოკატის მიერ ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საქმეზე დართვასაც ითხოვდა ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი. სასამართლომ ვერ მიიღო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ამას სჭირდებოდა დამატებითი დრო მოსაფიქრებლად. ამ სასამართლო პროცესზე სავარაუდოდ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, დაუშვას და დაერთოს თუ არა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სისხლის სამართლის საქმეზე. სამწუხაროდ, პროკურატურა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ამ ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვისა, რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ ბრალდების მხარე არაა დაინტერესებული სრულყოფილი მტკიცებულებების შესწავლით და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენით, ვინაიდან ამ დასკვნის შედეგად მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის გურამ ამირხანაშვილისა და სხვა პირების ჩვენებები.

ველოდებით სასამართლოს მხრიდან ობიექტურ გადაწყვეტილებას, რის შემდეგადაც, ორი ბრალდებული პირი – გიორგი მერაბიშვილი და არასრულწლოვანი ლ.შ. უნდა დაიკითხონ და მისცენ ჩვენება სასამართლოს 18 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არ დაერთოს ეს მტკიცებულება საქმეს, ამის გასაჩივრება ამ წუთისთვის არ იარსებებს. განაჩენთან ერთად მოხდება სასამართლოს ამ განჩინების გასაჩივრება, შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად“, – განაცხადა ადვოკატმა, როსტომ კერესელიძემ.