გიორგი შაქარაშვილის საქმის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ეპიზოდზე მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს
გიორგი შაქარაშვილის საქმის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ეპიზოდზე მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს

გიორგი შაქარაშვილის საქმის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ეპიზოდზე მხარეებმა მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს. დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ფარგლებში ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი გამოკითხეს, ასევე გამოიკვლიეს წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები.

ადვოკატ ვასილ მამულაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებული პირები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ და სასამართლოს საკუთარ პოზიციას მოახსენებენ.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი. ასევე გამოვიკვლიეთ დაცვის მხარის წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. ამით დავასრულეთ მტკიცებულებების კვლევა. სხვა ბრალდებულებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს – ისარგებლებენ საბოლოო სიტყვით და საბოლოო სიტყვით მოახსენებენ სასამართლოს თავიანთ პოზიციას. 18 თებერვალს, ხუთშაბათს არის ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა, ხოლო იმის შემდეგ, ერთ კვირაში უკვე დასკვნით სიტყვას ვიტყვით დაცვის მხარე. შემდეგ ვისარგებლებთ რეპლიკის უფლებით და სასამართლო გავა უკვე სათათბიროდ. საქმის განხილვის შედეგად ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნულ საქმეზე უალტერნატივოდ დადგება გამამართლებელი განაჩენი. ანუ ერთ პროცენტსაც არ ვუშვებთ დაცვის მხარე, რომ ამ საქმეზე სხვაგვარი განაჩენი იქნება“,- განაცხადა ადვოკატმა.

შემდეგი პროცესი 18 თებერვალს არის ჩანიშნული, სადაც ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება.

გიორგი შაქარაშვილის საქმის ეს ეპიზოდი მთავარი საქმეა და ხუთ დაკავებულს 19 წლის ფეხბურთელის ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. ხუთიდან ორი ბრალდებული, დაკავების მომენტში არასრულწლოვანი იყო და სწორედ ამიტომ, საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ პირების ბრალეულობას არაერთი მტკიცებულება, მათ შორის შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზაც ადასტურებს. დაკავებული პირებიდან კი ბრალს არც ერთი არ აღიარებს.