შალვა შავგულიძე - „ევროპულ საქართველოსთან“ გაერთიანება სწორი პროცესია
მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ფიქრობს, რომ 19 მაისის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს. როგორც ჟურნალისტებს შავგულიძემ განუცხადა, ეს არჩევნები იქნება დასაწყისი დასავლური პოლიტიკური პარტიების გაერთიანების.
„არ მინდა, ტრაბახი დავიწყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ შანსები მაქვს, კარგი შანსები. ამის თქმის საშუალებას ის განწყობა გვაძლევს, რაც მთაწმინდის ამომრჩეველთან შეხვედრებზე ჩანს. სწორი პროცესია, „ევროპულ საქართველოსთან“ გაერთიანება. დასავლური ორიენტაციის პარტიებს გვმართებს, ერთმანეთთან მისასვლელი გზები მოვძებნოთ და ვითანამშრომლოთ. დასავლური ხაზი უნდა შეიქმნას, რათა რუსულ შემოტევას გავუძლოთ, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის ხელდასმის გარეშე ვერ განხორციელდებოდა. რუსული ძალის შემოტევას უნდა ველოდოთ. ეს არჩევნები იქნება დასაწყისი დასავლური პოლიტიკური პარტიების გაერთიანებისა და ურთიერთკოორდინაციის“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.