შალვა პაპუაშვილი - ვისაც აქვს სურვილი, იყოს ქართველი ხალხის შემდგომი გამარჯვების თანამონაწილე, კარი ღიაა, რათა ხელისუფლებას დაეხმარონ ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლაში
შალვა პაპუაშვილი - ვისაც აქვს სურვილი, იყოს ქართველი ხალხის შემდგომი გამარჯვების თანამონაწილე, კარი ღიაა, რათა ხელისუფლებას დაეხმარონ ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასვლაში

საპარლამენტო ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს და უპირველეს ყოვლისა, გამოაჩინოს ნდობა ხელისუფლების მიმართ, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელსაც საქართველოს მილიონმა მოქალაქემ მისცა მართვის მანდატი, სადაც მილიონ მოქალაქეს აქვს ეს მანდატი მიცემული, მგონი, ოპოზიციის მხრიდანაც უნდა არსებობდეს ნდობა ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კითხვაზე, რა სამუშაოები აქვს საქართველოს შესასრულებელი, რათა გადავიდეს ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე, კერძოდ, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არის ცხრა ნაბიჯი, ცხრა რეკომენდაცია, რომლებიც დასახა ევროკომისიამ და საქართველოს ხელისუფლება იმუშავებს ამ საკითხებზე.

„მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა თუ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფმა გააანალიზოს, თუ რა მოხდა ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რა იყო სწორი ან მცდარი ნაბიჯები, ვისი მხრიდან იყო სწორი ნაბიჯები ან მცდარი ნაბიჯები. მგონი, თუ შევხედავთ და გავაანალიზებთ ამ წელიწად-ნახევრიან პროცესს, შარშან ივნისიდან მოყოლებული დღეს პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე, შეგვიძლია, გავაკეთეთ რამდენიმე დასკვნა. ერთი დასკვნაა, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორად მიჰყვებოდა იმ პოლიტიკას, რომ ჩვენ წინდახედულად, დაფიქრებით, სახელმწიფოებრივად ვუდგებოდით ყველა ამ საკითხს და არ იყო აჟიტირება, რომელზეც ხანდახან მოგვიწოდებდნენ, რომ აი, დღეს და ხვალ უნდა გადაწყვეტილიყო საკითხი. ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნა გააზრებულად. სხვანაირად არც შეიძლება, ხელისუფლება მოქმედებდეს, როდესაც ამხელა მანდატი გაქვს სუვერენული სახელმწიფოსი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება გააზრებულად მოქმედებდა და ამან მოიტანა დღევანდელი პოზიტიური გადაწყვეტილება.

„მეორე საკითხი, ხელისუფლება მოქმედებდა სახელმწიფოებრივად. ჩვენ ვიაზრებდით იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიგვეღო, მათ შორის რეფორმებთან დაკავშირებით, უნდა დაგვენახა საქართველოს ინსტიტუციური მოწყობის კონტექსტიდან. ჩვენ ამაზე დისკუსიები გვქონდა ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც. საბოლოო ჯამში სწორედ რომ სწორი პოზიციებით, დისკუსიით, შეთანხმებით, რაღაცაზე დათანხმებით, რაღაცაზე არდათანხმებით, საბოლოო ჯამში მივიღეთ ეს პოზიტიური შედეგი. მგონი, განსაკუთრებით საპარლამენტო ოპოზიცია ამაზე უნდა დაფიქრდეს და უპირველეს ყოვლისა, გამოაჩინოს ნდობა ხელისუფლების მიმართ, იმ ხელისუფლების მიმართ, რომელსაც საქართველოს მილიონმა მოქალაქემ მისცა მართვის მანდატი და სადაც მილიონ მოქალაქეს აქვს ეს მანდატი მიცემული, მგონი, ოპოზიციის მხრიდანაც უნდა არსებობდეს ეს ნდობა ხელისუფლების მიმართ. ამიტომ ვისაც აქვს სურვილი, იყოს თანამონაწილე ქართველი ხალხის შემდგომი გამარჯვებისა, მათთვის კარი ღიაა, რათა საქართველოს ხელისუფლებას დაეხმარონ, რომ საქართველოს ძლიერი პოზიციებით ჩვენ გადავიდეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.