შალვა პაპუაშვილი - დამოუკიდებლობასთან, ეროვნულ თვითმყოფადობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი არის პრინციპული ნებისმიერთან ურთიერთობაში, იქნება ეს მტერი თუ მოყვარე
შალვა პაპუაშვილი - დამოუკიდებლობასთან, ეროვნულ თვითმყოფადობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი არის პრინციპული ნებისმიერთან ურთიერთობაში, იქნება ეს მტერი თუ მოყვარე

ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ თვითმყოფადობას, არის პრინციპული საკითხი ნებისმიერთან ურთიერთობაში, იქნება ეს მტერი თუ მოყვარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტთან საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ გაერთიანებაში, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ ყოფილა დღე, როდესაც ჩვენი თავისუფლება დასაცავი არ ყოფილიყო. ჩვენს დამოუკიდებლობას ემუქრებოდა და ემუქრება ხილული და უხილავი საფრთხეები, იქნებოდა ეს საბჭოთა ტანკები თუ ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისა და ღირებულებების გადაგვარების თანამედროვე მცდელობები. ვხედავთ ზოგიერთის სურვილს, რომ საქართველო იყოს სხვა ძალების ინტერესების გატარების ინსტრუმენტი, სხვების ნება-სურვილის შემსრულებელი სატელიტი ქვეყანა. ჩვენთვის კი მთავარი ამოსავალი პრინციპი იყო და დარჩება ჩვენი ეროვნული ინტერესები. ამიტომაც არის, რომ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეროვნულ თვითმყოფადობას, ხდება პრინციპული საკითხი ნებისმიერთან ურთიერთობაში – იქნება ეს მტერი თუ მოყვარე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ გაერთიანებაში უნდა ემსახურებოდეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ინტერესებს და არა პირიქით. ის, რომ ჩვენ ქართულ ინტერესებს ვიცავთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ გამოვდივართ. პირიქით, საქართველოს და ქართველებს მხოლოდ მაშინ გვცემენ პატივს, როგორც თანასწორ სახელმწიფოსა და ერს, როდესაც მტკიცედ დავდგებით ჩვენი ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.