შალვა ცხაკაია - ყველაზე რთული ბიზნესისთვის ის არის, რომ რეგულირების ჩარჩო გრძელვადიან პროგნოზს არ ექვემდებარება
ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ბიზნესგარემოს მთავრობის ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ქმნიდა. ბიზნესს ახსოვს პერიოდი, როდესაც სრული დერეგულაცია იყო და მას ეს არ მოსწონდა. დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც სურთ, რომ საქართველოს შრომითი ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებადი იყოს რეგიონში. ყველაზე რთული ბიზნესისთვის სწორედ ის არის, რომ რეგულირების ჩარჩო გრძელვადიან პროგნოზს არ ექვემდებარება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.
გადაცემაში შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. აღნიშნული პროექტი ბოლო ორი თვის განმავლობაში ბიზნესსა და კანონპროექტის ავტორს, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილსა შორის მწვავე დისკუსიის საგანია. კანონპროექტს ბიზნესომბუდსმენის აპარატი და ანალიტიკოსების ნაწილიც აკრიტიკებს.
კრიტიკულად განწყობილი ბიზნესი და დარგის ექსპერტები თვლიან, რომ თუ კანონპროექტი აღნიშნული სახით გავიდა, არსებობს რისკი, რომ ის დასაქმების ბაზარზე ჩრდილოვან სექტორს წაახალისებს და დასაქმებულის ინტერესებსაც დააზარალებს. კანონპროექტის ავტორი კი ბიზნესს კონკრეტული შენიშვნების წარდგენას სთხოვს.
დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მისი ასოციაცია თვლის, რომ არ შეიძლება ასეთ მოკლე დროში ბიზნესს ერთდროულად ამდენი რეგულაცია დაუწესო. ცხაკაიამ აღნიშნა, რომ სადაო კანონპროექტში ჩადებული რეგულაციების ნაწილი იმაზე მკაცრია, ვიდრე ამას საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები ითვალისწინებს, ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს ინიცირებული ცვლილებების შესწავლა და მათი ევროდირექტივების მინიმალურ მოთხოვნებამდე დაყვანა.
„პირველ რიგში ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს გარკვეული სახის შესწვალა და დაშვებების გაკეთება, რომ გავიგოთ, რას მივაღწევთ ამ კანონპროექტით. მაგალითად, კანონპოერქტში არსებობს ჩანაწერი მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით. ეს კანონპროექტი მინიმალურ ხელფასს არ ადგენს, მაგრამ ადგენს ვალდებულებას, რომ მთავრობამ აუცილებლად განსაზღვროს მინიმალური ხელფასის ზღვრული ოდენობა. რას ნიშნავს ეს საერთოდ, როგორც ბიუჯეტისთვის, ისე კონკრეტული ბიზნესებისთვის? შეგვიძლია, დავითვალოთ, ვისა აქვს იმ მინიმალურზე დაბალი ხელფასი როგორც საბიუჯეტო სამსახურებში, ისე კერძო დაწესებულებებში და რას გამოიწვევს ეს ან ბიზნესის ან სახელმწიფო სამსახურისთვის. ანუ რამდენად მოგვიწევს ერთის მხრივ, ბიუჯეტის დანახარჯების გაზრდა, ან მეორე მხრივ, ბიუჯეტის ზრდის ნაცვლად ხომ არ გამოიწვევს ეს თანამშრომლის გათავისუფლებას? ანუ უმუშევრობას ხომ არ გავზრდით? ამ ტიპის გარკვეული შესწავლა, თუ მაინცდამაინც ე.წ. რისკის შეფასების ანალიზს არ დავარქმევთ, რომელიღაც ორგანიზაციმ უნდა შემოგვთავაზოს, რომ ვიცოდეთ, აღნიშნული რეგულაციით სად მივდივართ. მეორე რიგში, ევროდირექტივების მოთხოვნის იმ მინიმუმზე უნდა დავიდეთ, რომლის შესრულების ვალდებულებაც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს ნაკისრი. ამის წინააღმდეგ არავინ გამოვა. თუკი ყველა საკითხში იმ მინიმუმზე დავალთ, ეს იქნება ერთ-ერთი გზა, რომ დამატებითი რეგულაციები ნელ-ნელა შემოვიტანოთ“, – განმარტა ცხაკაიამ.
ის ვარაუდობს, რომ თუ რეგულაციები შესწავლის გარეშე დაინერგა, არ არის გამორიცხული მათი შეცვლის საკითხი ისევ დადგეს დღის წესრიგში. მსგავსი არაპროგნოზირებადი რისკები კი ბიზნესის წარმოებას ართულებს.
„ბიზნესს ახსოვს პერიოდი, როდესაც სრული დერეგულაცია იყო და მას ეს არ მოსწონდა. დღეს ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც სურთ, რომ საქართველოს შრომის ბაზარი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებადი გახდეს. ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიციაა. რა საჭიროა ეს. ხომ ვიცით, მომავალში მოვა მთავრობა, რომელიც შეეცდება, ეს ისევ შეცვალოს. ყველაზე რთული და პრობლემური ბიზნესისთვის სწორედ ის არის, რომ რეგულაციების ჩარჩო არაპროგნოზირებადია და არ შეუძლია ხანგრძლივ პერსპექტივაში დაგეგმოს“, – განაცხადა ცხაკაიამ.
დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასოციაცია პირველივე დღიდან არის ჩართული სადაო კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე კონსულტაციებში და ამ პროცესისათვის ზურგის შექცევას არ აპირებს.
„ჩვენ არავითარ შემთხევაში ზურგს არ ვაქცევთ ამ პროცესს, პირიქით ძალიან მყარი არგუმენტები გვაქვს. ერთის მხრივ გვინდა, რომ მოგვისმინონ და მეორე მხრივ, არის ამ დოკუმენტში გარკვეული საკითხები, რასაც მხარს ვუჭერთ და გვინდა, რომ გავიდეს. მაგალითად დეკრეტული შვებულებასთან დაკავშირებული ცვლილებებზე ყველა თანხმდება“, – განუმარტა შალვა ცხაკაიამ „ბიზნესპარტნიორს“.