ნათია თურნავა - იაპონური, სამხრეთ კორეული, გერმანული კომპანიები გამოთქვამენ სურვილს, თავიანთი მიწოდების ჯაჭვის ნაწილი საქართველოში გადმოიტანონ, რადგან ჩვენ მიმზიდველ ბიზნესგარემოს ვთავაზობთ
ნათია თურნავა - იაპონური, სამხრეთ კორეული, გერმანული კომპანიები გამოთქვამენ სურვილს, თავიანთი მიწოდების ჯაჭვის ნაწილი საქართველოში გადმოიტანონ, რადგან ჩვენ მიმზიდველ ბიზნესგარემოს ვთავაზობთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ იაპონური, სამხრეთ კორეული და გერმანული კომპანიები თავიანთი ბიზნესის ნაწილის საქართველოში გადმოტანის სურვილს გამოთქვამენ.

აღნიშნულ საკითხზე ნათია თურნავამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების შესახებ პრეზენტაციის შემდეგ დასმულ კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური კომპანიები საქართველოში ბიზნესის გადმოტანით ბევრ უპირატესობას შეიძენენ და ამის შესახებ დეტალური გეგმა უკვე არსებობს.

როგორც მინისტრმა განმარტა, სამომავლოდ საფრთხის თავიდან ასაცილებლად კომპანიები ბიზნესის დივერსიფიკაციაზე ფიქრობენ.

„კომპანიები ფიქრობენ, მომავალში საფრთხე რომ არ გაუჩნდეთ, მოახდინონ დივერსიფიკაცია და არა მარტო ჩინეთით, არამედ „ჩინეთი +1, +2, +3 კომბინაციით“. ანუ ალტერნატიული პლატფორმები გამოიყენონ და ჩვენ ვიქნებით „ჩინეთი +1“. პლიუს ერთი უნდა ვიყოთ ყველაფერში, მათ შორის სწრაფად დავძლიოთ გამოწვევები და გავხსნათ ბაზარი ახალი ინვესტიციებისთვის. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. არ მინდა, ნაადრევად ვისაუბრო, რადგან ეს მოლაპარაკებებია ჯერ კიდევ, მაგრამ მერწმუნეთ, კომპანიები – იაპონური, სამხრეთ კორეული, გერმანული, უკვე გამოთქვამენ სურვილს, რომ თავისი მიწოდების ჯაჭვის რაღაც ნაწილი გადმოიტანონ საქართველოში, რადგანაც ჩვენ ვთავაზობთ მიმზიდველ, დემოკრატიულ ბიზნესგარემოს, სტაბილურ ეკონომიკას, გამჭვირვალე კანონმდებლობას, დაბალ გადასახადებსა და განახლებულ პროგრამებს, რომელიც პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში იქნება წარდგენილი. ბევრს ვმუშაობთ იმაზე, რით წავახალისოთ ეს პროცესი. ყველაფერთან ერთად დამატებით ბერკეტებსაც შევთავაზებთ ასეთ ბიზნესებს, რომ ვაჩვენოთ თუნდაც ჩვენი პოლიტიკური ნება, რამდენად გახსნილი ვართ, რომ ნომერ პირველი არჩევანი ვიყოთ მათთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, მიუხედავად გლობალურად ბიზნესაქტივობის შეჩერებისა, რამდენიმე მსხვილმა ინვესტორმა უკვე მიიღო საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება.

„მიუხედავად იმისა, რომ ახლა, ამ პერიოდში გლობალური ეკონომიკა პრაქტიკულად შევიდა რეცესიაში და ბიზნესაქტივობა არის ძალიან შეზღუდული, ასეთ ვითარებაშიც კი არ შეეშალა ხელი რამდენიმე მსხვილ პროექტს და ინვესტორს, მიეღო დადებითი გადაწყვეტილება და შემოსულიყო საქართველოში. ამ დღეებში გახდა ცნობილი, რომ იაპონიის ერთ-ერთი გიგანტი კომპანია „ტეპკო“ შემოვიდა ჩვენს ენერგეტიკაში. ეს არის ყველაზე დიდი პირდაპირი იაპონური ინვესტიცია საქართველოს ისტორიაში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.