ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - სასამართლო სისტემის მიმართ შეკითხვა თუ ჩნდება, ინვესტორს იმ ტერიტორიაზე შესვლა არ უნდა
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - სასამართლო სისტემის მიმართ შეკითხვა თუ ჩნდება, ინვესტორს იმ ტერიტორიაზე შესვლა არ უნდა

ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ შეკითხვა თუ ჩნდება, უცხოელ ინვესტორს იმ ტერიტორიაზე შესვლა არ უნდა, – ამის შესახებ კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულმა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ევროკავშირთან ასოცირების ფარგლებში დასანერგი რეგულაციები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ რეგულაციების მიღება მცირე და საშუალო ბიზნესს ტვირთად არ უნდა დააწვეს, რადგან მათ ფინანსურ რესურსზე ხელი ნაკლებად მიუწვდებათ. თუმცა ხუნძაკიშვილის მოსაზრებით, რეგულაციების პარალელურად ინვესტორისთვის საკვანძო საკითხებია, თუ რამდენად სამართლიანია თამაშის წესები და დამოუკიდებელია სასამართლო. 

„ჩემთვის, როგორც ინვესტორისთვის, ინვესტიცია რომ ჩავდო, ამ ეტაპზე მნიშვნელობა არ აქვს დამატებითი ღირებულების გადასახადი 18 პროცენტი იქნება თუ 20. თუმცა რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არის ის, თუ რამდენად სამართლიანია გადასახადების ადმინისტრირების პრაქტიკა, რამდენად თანაბარი პირობებია შექმნილი ყველასთვის და არ არის პრეფერენციები ვიღაცის ან რომელიღაც კომპანიების მიმართ და ა.შ. თუ ხელისუფლება ამ ყველაფერს დაგვანახებს და მათი მცდელობაც იქითკენ მიდის, რომ მე, როგორც პოტენციურ ინვესტორს დამანახოს, რომ ეს არის სამართლიანი გარემო. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სასამართლო სისტემაზე, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი ცენტრალური მომენტი. თუ შეკითხვები ჩნდება, ეს უკვე უარყოფითია, მიუხედავად იმისა, ის მართლა დამოუკიდებელია თუ არა. თუ შეკითხვა ისმის, ის ინვესტორისთვის უკვე ისეთი ტერიტორიაა, სადაც შესვლა არ უნდა“, – განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

მისი განმარტებით, კითხვის ნიშნები ყველაზე მეტად უცხოელ ინვესტორებს აფრთხობთ.

„ჩვენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უცხოელ ინვესტორზე ვსაუბრობთ, რომელსაც არანაირი ემოციური კავშირი არა აქვს საქართველოსთან და პრაგმატულ, რაციონალურ გადაწყვეტილებას იღებს. ეს ხალხი გვინდა, თორემ ჩვენ მაგალითად, საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია, რაღაცაზე თვალი დავხუჭოთ და ინვესტიცია გავაკეთოთ. ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც სწორედ ამის გამოა შემცირებული, მათ შორის გლობალური კონტექსტის გამო. ამ ტიპის ინვესტორები უკვე თავს იკავებენ, რადგან ჩვენ დავაანონსეთ, რომ არჩევნები გვაქვს, სადაც ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს უპირისპირდება. ეს უკვე შეკითხვებს ბადებს და შესაბამისად, ჩვენი პოტენციური და რაციონალური ინვესტორი ზის და ელოდება არჩევნების ჩატარებას, რომელსაც დიდი ალბათობით, არანაირი გავლენა ბიზნესზე არ ექნება“, – განუცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.