სერგო ჩიხლაძე - 7 ნოემბრის შეცდომაზე მაშინდელმა ხელისუფლებამ გარკვეული პოლიტიკური ფასი გადაიხადა, თუ ვინმემ უნდა გადახედოს ამ თარიღს და დასკვნები გამოიტანოს, ეს უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“
სერგო ჩიხლაძე - 7 ნოემბრის შეცდომაზე მაშინდელმა ხელისუფლებამ გარკვეული პოლიტიკური ფასი გადაიხადა, თუ ვინმემ უნდა გადახედოს ამ თარიღს და დასკვნები გამოიტანოს, ეს უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ 7 ნოემბერთან დაკავშირებით დღეს დაგეგმილი აქცია უფრო გუშინდელი აქციის კონტრაქციაა.

მისივე თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერი იყო შეცდომა, თუმცა ამისთვის მაშინდელმა ხელისუფლებამ გარკვეული პოლიტიკური ფასი გადაიხადა. სერგო ჩიხლაძის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ 7 ნოემბრის მსგავსი არაერთი ქმედება ჩაიდინა, თუმცა პოლიტიკური ფასი არ გადაუხდია და სწორედ მან უნდა გადახედოს 7 ნოემბერს და დასკვნები გამოიტანოს.

„მე არ მგონია, სწორი იყოს დღეს დაგეგმილი აქცია, ის, რომ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას რამე. ეს უფრო გუშინდელი აქციის კონტრაქციაა, მით უმეტეს, მე რაც დავინახე, დღევანდელ აქციაზე არიან ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც 5 ივლისის დარბევაში მონაწილეობდნენ. ამიტომ, ამ ხალხს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, რომ ვიღაცის 7 ნოემბერი გაიხსენონ.

2007 წლის 7 ნოემბერს თუ ვიხსენებთ, რა თქმა უნდა, ეს იყო შეცდომა, იგივე ტელევიზიასთან მიმართებაში, იგივე მომიტინგეებთან მომართებაში. მაშინ გარკვეული პოლიტიკური ფასი გადაიხადა მაშინდელმა ხელისუფლებამ, იგივე ვადამდელი არჩევნების სახით და ასე შემდეგ.

სამწუხარო არის ის, რომ 17 წელი გავიდა, ეს ხელისუფლება 10 წელია, ხელისუფლებაშია და არაერთი 7 ნოემბრის მსგავსი ქმედება ჩაიდინა, მაგრამ პოლიტიკური ფასი „ქართულ ოცნებას“ არ გადაუხდია. ასე რომ, თუ ვინმემ უნდა გადახედოს 7 ნოემბერს და დასკვნები გამოიტანოს, ეს უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც 10 წელია უკვე ხელისუფლებაშია“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.