სერგი კაპანაძე - უმჯობესი იქნებოდა სამპროცენტიანი ბარიერი და ბლოკების დაშვება
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, როგორი ფორმაც არ უნდა მიიღოს საბოლოოდ პროპორციულმა სისტემამ, მათ შორის ბარიერისა თუ ბლოკების საკითხმა, მათი პარტია პროპროციულ სისტემაზე გადასვლას მაინც დაუჭერს მხარს.
კაპანაძე განმარტავს, რომ „ევროპული საქართველოსთვის“ თავად პროპორციული სისტემა უკვე სერიოზული მიღწევაა და ამიტომ მათ წინასწარვე აქვთ გადაწყვეტილება მიღებული მმართველი გუნდის ამ ინიციატივის მხარდაჭერის შესახებ.
„რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს ყოფილიყო არა ნულოვანი, არამედ სამპროცენტიანი ბარიერით. უმჯობესი იქნებოდა, ეს ყოფილიყო ბლოკების დაშვებით და არა აკრძალვით. ოღონდ, ჩვენ ვამბობთ წინასწარ – მიუხედავად იმისა, როგორ ფორმას მიიღებს შემდგომ ბლოკებისა თუ ბარიერის საკითხი, ჩვენ პროპორციულ სისტემას მხარს მაინც დავუჭერთ. თუ „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ მას ექნება გამოსაძრომი, რომ უკან დაიხიოს და თან ჩვენ დაგვაბრალოს, ასე არ გამოვა. ჩვენთის პროპორციული სისტემა უკვე არის სერიოზული მიღწევა“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი განმარტავს, რომ მათი პოლიტიკური ძალა მზად არის, ჩაერთოს მოლაპარაკებებში და მმართველ პარტიას პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივებიც შესთავაზოს.