სერგი კაპანაძე უმრავლესობის წევრებს - „პატრიოტთა ალიანსი“ თქვენ მოახვედრეთ პარლამენტში, თქვენ გააძლიერეთ, მიეცით ფული, შეაქმნევინეთ ფრაქცია
ევროინტეგრაციის კომიტეტზე „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო სრულიად უწყინარი, სამპუნქტიანი დადგენილების პროექტი, რომელიც ერთადერთ რამეს ისახავდა მიზნად – ჩვენი პარტნიორებისთვის მოგვეწოდებინა, რომ რუსეთთან მიმართებაში თავიანთ ურთიერთობებში გაეთვალისწინებინათ ჩვენი თემატიკა. ეს არის იმის ერთ-ერთი მანიშნებელი, რომ პრორუსული ძალა ხართ, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილს.
„ბატონო დიმიტრი, თქვენ ახლა შეეცადეთ, ჩვენთვის აგეხსნათ, რატომ ხართ პროევროპული ძალა. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, მათ შორის ალბათ იმის გამო, რომ ემოციურად საუბრობთ. ახლა მე შევეცდები აგიხსნათ, რატომ ხართ პრორუსული ძალა. გუშინ ევროინტეგრაციის კომიტეტზე „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო სრულიად უწყინარი, სამპუნქტიანი დადგენილების პროექტი, რომელიც ერთადერთ რამეს ისახავდა მიზნად – ჩვენი პარტნიორებისთვის მოგვეწოდებინა, რომ რუსეთთან მიმართებაში თავიანთ ურთიერთობებში გაეთვალისწინებინათ ჩვენი თემატიკა. ამაზე უარი თქვით და ეს არის იმის ერთ-ერთი მანიშნებელი, რატომ ხართ პრორუსული ძალა.
მხოლოდ ეს არ არის. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში როგორც არასოდეს გაძლიერდნენ პროპუტინული ძალები. ვნახეთ, ერთ-ერთი გამოდიოდა პოდიუმიდან, თქვენ მოახვედრეთ პარლამენტში, თქვენ გააძლიერეთ, მიეცით ფული, შეაქმნევინეთ ფრაქცია და იმ რაღაც შეხვედრებს რომ ატარებენ, თქვენი აქტივი დაგყავთ იქ. იმიტომ ხართ პრორუსული ძალა, რომ აფინანსებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისეთ გამოცემებს, რომლებიც პირდაპირ არიან რუსულ მესიჯბოქსზე და ქადაგებენ, რომ პუტინი არის კარგი, დასავლეთი არის ცუდი, უმცირესობების უფლებები უნდა შეილახოს. თქვენ უხდით მათ ფულს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ამასთან, როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს განუცხადა, ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში დანერგა ნარატივი, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ არიან პრორუსული ძალები.
„პრორუსული ძალა ხართ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაჩნდა ნარატივი, რომ ომი დაიწყო საქართველომ და ისეთი პრეზიდენტი დაგვისვით პრეზიდენტად, რომელიც ამ გზავნილს იმეორებდა. უმრავლესობა თქვენგანი, რომლებსაც გგონიათ, რომ საგარეო პოლიტიკაზე ექსპერტები ხართ, ხან იმას გვაბრალებთ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და თურმე ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია ასე, ხან იმას, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და თურმე ტალიავინმა დაადასტურა. ყველაფერი ეს არის ტყუილი. თქვენ ბოლო წლების განმავლობაში დანერგეთ ნარატივი, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ამიტომ ხართ პრორუსული ძალა. თქვენ ხართ პრორუსული ძალა, რადგან ის, რაც თავის დროზე ივანიშვილმა დაწერა და თქვა, რომ უნდოდა საქართველო გაექრო დღის წესრიგიდან, მაშინ ეს სიტყვები იყო და თქვენ ეს შეასრულეთ. სიტყვა არ არის პრორუსულობა, ეს საქმე არის პრორუსულობა. ის, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენზე აღარ ლაპარაკობენ არც საჯარო გამოსვლებში, არც უმაღლეს შეხვედრებზე, როცა რუსეთს ესაუბრებიან, არის ამის გამოვლინება და ეს არის პრორუსულობის გამოვლინება.
იმიტომ ხართ პრორუსული ძალა, რომ კილომეტრნახევრით შემოიწია კიდევ ერთ-ერთ ადგილზე ადმინისტრაციულმა საოკუპაციო გამყოფმა ხაზმა, რაც მერამდენე შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში, ამაზე რეაგირება თითქმის არ გქონდათ, სანამ იძულებული არ გახდით, საზოგადოების წნეხის შედეგად, რაღაც ნაბიჯები გადაგედგათ. მახსოვს თქვენი ნარატივი თქვენი მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების. ამბობდნენ, რამდენიმე სახლი და რამდენიმე სოფელი იკარგება და ამის გამო ომს ხომ არ დავიწყებთო. ამიტომ ხართ პრორუსული ძალა. კიდევ იმიტომ, რომ შექმენით ილუზია ჩვენს მეგობრებში, რომ პრობლემები გვარდება დიალოგის გზით. ჯერ სოჭის ოლიმპიადაში მიიღეთ მონაწილეობა, მერე ორმხრივი დიალოგი აღადგინეთ და იტყუებოდით, ამბობდით, რომ ორმხრივად ვალაგებთ პრობლემებსო. ამ დროს კი არ ალაგებთ,, გააუარესეთ ეს პრობლემები, რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გვქონდა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ გმართავთ რუსი ოლიგარქი თავისი რუსული ოლიგარქიული მეთოდებით, რომლის ამოცანაა, არ იყოს ოპოზიცია, რომ შეიზღუდოს თავისუფალი სიტყვა, რომ დაამთავროს თავისი ოპონენტები, რომ უმცირესობების უფლებები არ იყოს დაცული და ეს არის თქვენი ამოსავალი წერტილი. მასზე გადაფარებული ხართ, ამიტომ ხართ პრორუსული ძალა. არანაირი პროევროპული. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. თქვენ ხართ პრორუსული, პროპუტინული ძალა, სამწუხაროდ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დიმიტრი ცქიტიშვილმა დღეს ისაუბრა, თუ რაში გამოიხატება დღევანდელი ხელისფულების პროევროპელობა. მისი თქმით,„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ღრმა ბოლშევიკურ აზროვნებაში არიან ჩარჩენილი და ვერ აცნობიერებენ, რომ არსებობენ მათგან განსხავავებული შეხედულებების ადამიანები.