დიმიტრი ცქიტიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ღრმა ბოლშევიკურ აზროვნებაში არიან ჩარჩენილი და ვერ აცნობიერებენ, რომ არსებობენ მათგან განსხავავებული შეხედულებების ადამიანები
დიმიტრი ცქიტიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ღრმა ბოლშევიკურ აზროვნებაში არიან ჩარჩენილი და ვერ აცნობიერებენ, რომ არსებობენ მათგან განსხავავებული შეხედულებების ადამიანები

თქვენ ტოქსიკური პოლიტიკური ძალა ხართ, რომელიც ყველაზე გულწრფელ პროტესტსაც კი ამახინჯებთ, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლეოსბის წარმომადგენელმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.

„როგორ შეიძლება, აღშფოთება არ გამოხატო იმაზე, რასაც ახლა ვუყურებთ და რაც გუშინ, ევროინტეგრაციის კომიტეტზე ხდებოდა. ე. წ. ევროპული და პროდასავლური ძალების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, სხვა არაფერია, თუ არა პრიმიტიული მცდელობა იმისა, რომ წარმოაჩინონ საკითხი ისე, თითქოს ვიღაც ბლოკავს დეოკუპაციის ნაწილს, თითქოს ჩვენი სახით ებრძვიან მონსტრს და ურჩხულს. ძალიან კარგად იციან, რომ ამ რეზოლუციის კონკრეტული შედეგები შეიძლება საერთოდ არ იყოს არაფრის მომტანი, მაგრამ გათვლილი არის კონკრეტულად ემოციურ ფონზე საზოგადოებაში, რადგან ოკუპაცია ძალიან მტკივნეულად გადის თითოეული ჩვენი მოქალაქის ემოციაზე. შესაბამისად, ამ ემოციური ფონით მანიპულირების სურვილით არიან აღტკინებული და შესაბამისად, გუშინდელი დღე სხვა არაფერია, თუ არა ამის მცდელობა“, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ამასთან, ცქიტიშვილის თქმით, სურს, სერგი კაპანაძეს შეახსენოს, რატომ არ შედგა რუსეთის მიმართ სანქციები 2008 წელს, როდესაც ამის ყველაზე რეალური შესაძლებლობა იყო.

„ორი თუ სამი კვირის წინ მათმა მაშინდელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩამოსული იყო გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და უთხრა, რომ ეს პროვოკაციაა და ამ პროვოკაციის თავიდან აცილება იყო მათი პირველი ამოცანა; არ გაიზიარეს სარკოზის რეკომენდაცია, რომელმაც, საბოლოო ჯამში, იხსნა საქართველო უფრო ფართო ოკუპაციისგან და შეაჩერა რუსეთის ჯარის წამოსვლა დედაქალაქისკენ; არ გაიზიარეს რეკომენდაციები სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, თავდაცვის მდივნის, მისი პრეზიდენტის, რომელსაც უკვე დღეს სხვა ეპითეტებით იხსენიებს მაშინდელი ბატონი პრეზიდენტი. საბოლოო ჯამში, ამან განაპირობა, რომ იმ კრიტიკულ მომენტში, როდესაც დასავლეთში, კონკრეტული ადამიანები, ჩვენი პარტნიორები გვთავაზობდნენ კონკრეტულ სქემას, როგორ გამოვსულიყავით ამ კრიზისიდან და არა ის, თითქოს არავინ არ პასუხობდა აგვისტოში გაერო-ში ზარს და თითქოს სხვა ნაბიჯების გადადგმის საშუალება არ იყო. მივედით იქამდე, სადამდეც მივედით და საბოლოო ჯამში, თქვენი უგუნური, დაუფიქრებელი და სწორხაზოვანი პოლიტიკიდან გამომდინარე მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დადგა. ამ შედეგთან ჩვენ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ბრძოლა, თავის ტკივილი და ეს იქნება საკმაოდ დიდი ხნის ჭრილობა, რომელიც საზოგადოებამ და სახელმწიფომ მიიღო“, – განახცადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილმა ისაუბრა, თუ რაში გამოიხატება დღევანდელი ხელისფულების პროევროპელობა.

„რაში გამოიხატება პროევროპულობა და პროდასავლურობა? არა იმ სწორხაზოვნებაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არა იმ პრიმიტიულ პოლიტიკაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, არამედ იმ მრავალფეროვნებაში, რომელიც ამ ქვეყანაში, თუნდაც ამ პარლამენტშია. თუნდაც ის, რომ თქვენი ატანა გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ძალიან აუტანლები გახდით, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. ზუსტადაც რომ თავისუფალი აზროვნება, თავისუფალი გარემო და თავისუფალი პოლიტიკური სივრცე არის ის, რასაც დასავლური პოლიტიკური სისტემა ქვია და თქვენ ამისგან ყველაზე შორს ხართ. თქვენ ხართ ღრმა ბოლშევიკურ პოლიტიკურ აზროვნებაში ჩარჩენილები, რომლებიც ვერ აცნობიერებთ, რომ არსებობენ სხვა ადამიანები, რომლებსაც თქვენგან განსხვავებული შეხედულება შეიძლება ჰქონდეს. ეს ასევე ეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ჩემთვის თქვენ ერთი ძალა ხართ, უბრალოდ, განსხვავებული ელფერი შეიძინეთ. ცდილობთ, ერთმანეთს გაემიჯნოთ, მაგრამ ვერ გაემიჯნებით, თქვენ ერთი პოლიტიკური დანაშაულის ნაწილები ხართ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დატოვე კომენტარი