სერგი კაპანაძე - პროპორციულ სისტემაზე კახა ოქრიაშვილის დამოკიდებულების გამო „ევროპულ საქართველოს“ მასთან არც ბლოკი გვექნება და არც ერთ კონტექსტში გუნდის წევრად არ მოვიაზრებთ
„ნაციონალური მოძრაობის“ და კახა ოქრიაშვილის პარტიის ბლოკად გაფორმებას და პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას რაც შეეხება, მიგვაჩნია, ეს მათი პირადი და შიდა საქმე არის, – აღნიშნული კომენტარით „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე კახა ოქრიაშვილის პარტიისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო გაერთიანებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ ოქრიაშვილს არც ერთ კონტექსტში მათი გუნდის წევრად ვერ მოიაზრებს.
„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ და კახა ოქრიაშვილის პარტიის ბლოკად გაფორმებას და პარტნიორული ურთიერთობის დამყარებას, მიგვაჩნია, ეს მათი პირადი და შიდა საქმე არის. თუმცა ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ხაზი გავუსვათ, რომ ბატონ ოქრიაშვილის დამოკიდებულების გამო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, „ევროპულ საქართველოს“ მასთან არც ბლოკი გვექნება და არც ერთ კონტექსტში ჩვენი გუნდის წევრად არ მოვიაზრებთ. მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია, ყველა ეს ფაქტორი მნიშვნელოვანი არის თუ არა და ამისდა მიუხედავად, უღირთ თუ არა მასთან ასეთი ურთიერთობა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“ პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ შეუერთდა. მემორანდუმს გრიგოლ ვაშაძემ და კახა ოქრიაშვილმა მოაწერეს ხელი.