სერგი კაპანაძე - ლიეჟში რაც ხდებოდა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა იყო
სერგი კაპანაძე - ლიეჟში რაც ხდებოდა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა იყო

ლიეჟში რაც ხდებოდა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა იყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნორმალური პრაქტიკაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი თავის მომხრეებს რომელიღაც ქვეყანაში ხვდება.

„ლიეჟში რაც ხდებოდა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა იყო. აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ხვდება თავის მომხრეებს რომელიღაც ქვეყანაში. სრულიად არანორმალურია, როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს, ჩაშალოს შეხვედრა თავისი მომხრეების მიგზავნით, პოლიტიკური გზავნილების დაფიქსირებით, აშკარად პროვოცირების მცდელობით. მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად იყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე მიყენებული ზიანი, რომელზეც პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. სრულიად გაუგებარია ასეთი აგონია. რაც შეეხება იქ გამოთქმულ გზავნილებს, რომელიც გააკეთა მესამე პრეზიდენტმა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გზავნილები და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ვფიქრობ, საქართველოში მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ მთავარი გამოწვევა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არჩევნების გზით უნდა დამარცხდეს, და ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამ მიზნისთვის იქნებიან მობილიზებული, უნდა იყვნენ მხარდაჭერილი არჩევნებში. „ევროპული საქართველოს“ ამოცანა არის, რომ ეს დისკუსია, იქნება მხოლოდ სააკაშვილი თუ მხოლოდ ივანიშვილი, გადავიდეს სხვა სიბრტყეში, რომ ყველამ ერთად ვიბრძოლოთ, რათა ივანიშვილი აღარ დარჩეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს გუშინ შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.

შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.