სერგი კაპანაძე - განცხადებები, რომელიც კონგრესში უკვე რამდენიმე თვეა, კეთდება, უნდა იყოს სერიოზული შემაშფოთებელი განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის
სერგი კაპანაძე - განცხადებები, რომელიც კონგრესში უკვე რამდენიმე თვეა, კეთდება, უნდა იყოს სერიოზული შემაშფოთებელი განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის

ეს წერილები და განცხადებები, რომელიც კონგრესში უკვე რამდენიმე თვეა, კეთდება, უნდა იყოს სერიოზული შემაშფოთებელი განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კაპანაძეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის, რესპუბლიკური პარტიის წევრის, მარკუეინ მალინის წერილზე ჰკითხეს.

როგორც კაპანაძე ამბობს, საქართველოს ხელისუფლებამ „უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რის ირგვლივაც არის წუხილი გამოთქმული კონგრესმენებისგან“.

„კონგრესმენი მალინის ღია წერილი პრემიერ-მინისტრ გახარიაზე არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებში არიან ძალიან შეშფოთებულები იმ პროცესებით, რაც მიმდინარეობა საქართველოში. ეს წერილები და განცხადებები არ წყდება. ისინი მოდის არამხოლოდ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, არამედ ამერიკელი პარტნიორებისგანაც. ეს უნდა იყოს კარგი გამოსაფხიზლებელი ზარი ხელისუფლებისთვის, ოდნავ საღი აზრი მაინც რომ ჰქონდეს შერჩენილი“,- აცხადებს კაპანაძე.

მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორები შეშფოთებულები არიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით.

„ყველასთვის ნათელია, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, არის სერიოზული პრობლემები, არის ეკონომიკური კრიზისი, არის უგულვებელყოფა დემოკრატიული ინსტიტუტების. ჩვენი პარტნიორები არიან ამით შეშფოთებული. თუკი ივანიშვილის გარშემო ვინმეს საღი აზრი აქვს დარჩენილი, ეს უნდა გაითვალისწინონ და ქვეყანა უნდა გამოიყვანონ კრიზისიდან.

ეს წერილები და განცხადებები, რომელიც კეთდება კონგრესში უკვე რამდენიმე თვეა, უნდა იყოს სერიოზული შემაშფოთებელი განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის. მათ უნდა გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რის ირგვლივაც არის წუხილი გამოთქმული კონგრესმენებისგან. ამას თუ არ იზამენ, რა თქმა უნდა კიდევ უფრო მოახდენენ საკუთარი თავის იზოლირებას და კიდევ უფრო გაირთულებენ ურთიერთობას პარტნიორებთან.

ჯამში, რით მთავრდება თვითიზოლაცია, კარგად ვნახეთ მოლდოვას მაგალითზე, როცა იქაური ყოფილი არაფორმალური მართველი ოლიგარქი მოხვდა სანქციების სიაში. მე მაქვს იმედი, ეს არ მოხდება ჩვენ შემთხვევაში და ივანიშვილის გარშემო მყოფ ადამიანებს ეყოფათ საღი აზრი, რომ მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანონ ქვეყანა“,- განაცხადა კაპანაძემ.