კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
კონგრესმენი მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი, მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს.

ამერიკელი კონგრესმენი „შეშფოთებას გამოთქვამს დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით“.

მ​არკუეინ მალინი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეწყვეტს მტრულ დამოკიდებულებას ამერიკული კომპანიების მიმართ.

„როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო, დემოკრატიული ღირებულებებისგან საქართველოს განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. ამის გათვალისწინებით, მე ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 13 დეკემბრით დათარიღებულ ბოლოდროინდელ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც ხაზს უსვამდა შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც უარი ითქვა დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე.

მიუხედავად საქართველოს პროგრესისა 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ბოლო წლებმა გამოავლინა განგრძობადი უარყოფითი ტენდენცია დემოკრატიულ და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენილა აშშ-ში.

ამის შედეგია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემცირება, რადგან ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებისა და ექსპროპრიაციული თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ამის შესანიშნავი მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკულმა სოციალური მედიაკომპანია „ფეისბუქმა“ განაცხადა, რომ მან ცოტა ხნის წინ დახურა „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშების ვრცელი ქსელი, რომელიც საქართველოში ოპოზიციური ხედვების ჩასახშობად „კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას“ მიმართავდა და ავითარებდა ანტიდასავლურ გრძნობებს, განსაკუთრებით კი აშშ-ის წინააღმდეგ.

ასეთი გაუარესებადი გარემო აისახა როგორც წარმომადგენელთა პალატის, ასევე სენატის მიღებულ და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონზე, 2019 და 2020 წლებისთვის ზედიზედ ორ ყოველწლიურ საბიუჯეტო კანონზე, რომლებშიც ასახულია შეშფოთებები დემოკრატიული ფასეულობების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის პროგრესულ ანტაგონისტურ ქმედებებთან დაკავშირებით. პირველად, საქართველოს თანამედროვე ისტორიის განმავლობაში, თქვენი ქვეყანა საბიუჯეტო კანონებთან მიმართებაში აშშ-ის მთავრობისგან წარმოჩენილია უარყოფითად და სიფრთხილით.

ამ უარყოფითი ტენდენციიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტენდენციის შეჩერების ხელშესაწყობად, იზრდება შეშფოთების გაჟღერება და მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების განსახილველად. მე ვუერთდები ამ მოწოდებას რეფორმის შესახებ, საქართველოში სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტის ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში წარდგენით.

ვიმედოვნებ, რომ საქართველო განაგრძობს იყოს ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებს სწრაფად იმ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ასე იმსახურებს“, – წერს კონგრესმენი „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ წერილში.