სერგი კაპანაძე - „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის განაჩენია
სერგი კაპანაძე - „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის განაჩენია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ (Freedom House) ანგარიშში საქართველოს რეიტინგი მორიგჯერ გაუარესებულია, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი განაჩენია.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, სახელწოდებით – „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში საქართველო კვლავ შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი. ქვეყანას, შარშანდელის მსგავსად, კვლავ 100-დან 38 ქულა აქვს (100 ქულა საუკეთესო შედეგი). საქართველოში დემოკრატია ანგარიშის ავტორების მიერ მაქისმალური შვიდი ქულიდან 3,25 ქულით ფასდება. წინა წელს საქართველოში დემოკრატია 3,29 ქულით შეფასდა.

სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ანგარიშში საუბარია ზუსტად იმაზე, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს.

„ეს არის ხელისუფლება, რომელიც უტევს ოპოზიციას, რომელმაც ხელში ჩაიგდო სასამართლო სისტემა და მას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ექსტრემისტულ დაჯგუფებებს და მათ მიერ განვითარებულ მესიჯბოქსს იყენებს. ამ ყველაფერში „ფრიდომ ჰაუსმა“ საქართველოს ხელისუფლება ამხილა და პრაქტიკულად, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ანგარიშვალდებული არ არის ხალხის მიმართ და რასაც აკეთებს, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ადეკვატურად ფასდება. აქ საუბარია ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ დაატრიალა ქვეყნის შიგნით, დაწყებული პროპორციულ სისტემაზე საზოგადოების „გადაგდებით“, გაგრძელებული და დამთავრებული ისეთი ჯგუფების მხარდაჭერით, რომლებიც ქვეყნის შიგნით ფაშისტურ-ექსტრემისტულ და პრორუსულ ნარატივს პირდაპირ აღვივებენ“, – განაცხადა კაპანაძემ.