„ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი
„ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ (Freedom House) აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს, სახელწოდებით – „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში საქართველო კვლავ შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი. ქვეყანას, შარშანდელის მსგავსად, კვლავ 100-დან 38 ქულა აქვს (100 ქულა საუკეთესო შედეგი).

საქართველოში დემოკრატია ანგარიშის ავტორების მიერ მაქისმალური შვიდი ქულიდან 3,25 ქულით ფასდება. ეს მაჩვენებელი შემცირებულია წინა წელთან შედარებით, როდესაც საქართველოში დემოკრატია 3,29 ქულით შეფასდა.

საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მაჩვენებლის კლებას ანგარიშის ავტორები პოლიტიკოსების მიერ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის ხელყოფას უკავშირებენ.

„2019 წელსა და 2020 წლის დასაწყისში პოლიტიკოსები ხელყოფდნენ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას ყველა სუბრეგიონში, რომელიც მიმოხილულია ანგარიშის მიერ, რაც გამოიხატა ქულების კლებით ჩეხეთის რესპუბლიკაში, საქართველოში, ლატვიაში, მონტენეგროში, პოლონეთსა და სლოვაკეთში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფების ხმამაღალი ხმა ისმოდა საქართველოსა და ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი, ბალტიის სახელმწიფოები, ბულგარეთი.

„ამ ჯგუფებისა და მათი ქსენოფობიური გზავნილებიდან ყველა ახალი არ არის, თუმცა მათ აჩვენეს საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი დონე და სარგებლობდნენ მზარდი მხარდაჭერით ამერიკელი და დასავლეთევროპელი თანამოაზრეებისგან“, -აღიშნულია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში.

ამასთან, უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები წერენ, რომ 2019 წელს და 2020 წლის დასაწყიში საქართველოში თვითნებურმა დაპატიმრებებმა და რამდენიმე სადავო სასამართლო საქმემ კიდევ უფრო გაართულა ისედაც დაძაბული სიტუაცია. პოლიტიკურ ველზე ახალშემოსულ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს ბრალი დასდეს ფულის გათეთრებაში, როგორც კი მან გამოაცხადა პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შესახებ, ხოლო ერთ პოლიტიკურ ლიდერს 38 თვით პატიმრობა მიუსაჯეს სახელმწიფო სახსრების სავარაუდო ბოროტად გამოყენების განმეორებით საქმეზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტში მმართველმა უმრავლესობამ უკიდურესად დისფუნქციური და არაპროფესიული პროცესის შედეგად უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე უვადოდ დანიშნა, რაც არის ნიშანი იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ინციდენტები არ შემოიფარგლება მხოლოდ ქვედა ინსტანციის სასამართლოებით.

ანგარიშის ზოგად მიმოხილვაში საქართველო დასახელებულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო პროცესს სრული ან ნაწილობრივი ბოიკოტი გამოუცხადეს.

„ალბანეთში, ბულგარეთში საქართველოში, მონტენეგროსა და სერბეთში ოპოზიციური პარტიების სრულმა ან ნაწილობრივმა ბოიკოტმა დაარღვია პარლამენტის მუშაობა და აჩვენა სამართლიანობისა და ლეგიტიმურობის ნაკლებობა. ზოგიერთ შემთხვევაში, დაჩქარებული საკანონმდებლო საქმიანობა და ოპოზიციის მონაწილეობის შეზღუდვები საკანონმდებლო პროცესის დაკნინებას წარმოადგენდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის თებერვალში საქართველოში ოპოზიციური ბლოკის ყველა დეპუტატმა დატოვა პარლამენტი მას შემდეგ, რაც მთავრობამ გადაუხვია თავის დაპირებას, რომელიც ქვეყნის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. „აღნიშნული ინიციატივის განხორციელება მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსებს შეამცირებდა. ეს კრიზისი განიმუხტა მხოლოდ საერთაშორისო შუამავლობს დახმარებით პარტიების შეხვედრის შედეგად“, – აღნიშნულია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში.

დატოვე კომენტარი