სერგი კაპანაძე - ჩვენი ამოცანაა, კომისიამ ნათელი მოჰფინოს ხორავაზე მომხდარს, ეს არის ზაზა სარალიძის ინტერესიც და ვფიქრობ, თანამშრომლობა შედგება
ჩვენი ამოცანაა, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარს ნათელი მოჰფინოს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარალამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომელიც დღეს მოკლული არასრულწლოვანის მამას, ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს შეხვდება.
მისი თქმით, ის ზაზა სარალიძესთან თანამშრომლობაზე შეთანხმდა.
„შეხვედრა ზაზა სარალიძესთან და მის წარმომადგენელთან მექნება. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომისიამ ნათელი მოჰფინოს იმას, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა. ეს არის ზაზა სარალიძის ინტერესებიც. თანამშრომლობაზე შევთანხმდით. ვფიქრობ, თანამშრომლობა შედგება და კომისია იქნება ინსტრუმენტი დაზარალებულთა ოჯახების ხელში, რათა დადგენილი იქნას სიმართლე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, მას ესმის ზაზა სარალიძის გაბრაზება უმრავლესობის დეპუტატების მიმართ, მაგრამ როგორც კაპანაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო კომისია „ქართული ოცნების“ ხელში არ არის“.
„მესმის მისი გაბრაზება ეკა ბესელიასა და სხვათა მიმართ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის კომისია „ქართული ოცნების” ხელში. ეს არის კომისია, რომელსაც ოპოზიცია ხელმძღვანელობს. ეს არის გარანტი იმისა, რომ რაც დადგინდება, იქნება დამოუკიდებელი პოლიტიკური უმრავლესობისგან, რომელიც ქვეყანაში გვყავს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი ზაზა სარალიძეს გუშინ შეხვდა. დღესვე, დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.