ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც კომისიის დებულებას მიიღებენ, – ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დებულება 11 ივნისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება.

„8 ივნისს მექნება შეხვედრა ზაზა სარალიძესთან და მის წარმომადგენელთან. ასევე, დღეს ჩატარდება პირველი სხდომა, სადაც კომისია მიიღებს დებულებას, კომისიის შინაარსობრივი სამუშაო კი, შემდგომ კვირაში იქნება. ორშაბათს ბიურომ უნდა დაამტკიცოს კომისიის დებულება და უკვე კომისია ბოლომდე უფლებამოსილი იქნება საქმიანობას შეუდგეს“, – განმარტა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება სახალხო დამცველთან შეხვედრას, დეპუტატის განცხადებით, ნინო ლომჯარიასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ შევთანხმდით სახალხო დამცველთან, რომ ვითანამშრომლებთ ძალიან მჭიდროდ, ასევე გავცვლით ინფორმაციას მუდმივად. მოვისმინეთ კონკრეტული შეფასებები, რაც შეიძლება ჰქონოდა სახალხო დამცველს, რომელთან დაკავშირებით დეტალური განხილვა გვექნება, მათ შორის კომისიის ფარგლებში“, – აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

გუშინ, სერგი კაპანაძე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ასევე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდა.

„2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“  პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.