სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის მიმართულებები წარადგინა
თბილისში „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ძირითად მიმართულებებზე დღეს სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ პრეზენტაციაზე პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ ისაუბრა.
გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის იდეა განმარტა და იმ სფეროებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც ღამის ეკონომიკის პროექტი მოიცავს.
მისი თქმით, ღამის ეკონომიკის პირობებში 20:00 საათიდან ქალაქში განსხვავებული ტიპის ეკონომიკური აქტივობები იწყება და ზოგიერთი სექტორის როლი უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
„იზრდება გართობის, დასვენების, კულტურული ღონისძიებების რაოდენობა. ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ამ პერიოდიდან დილამდე გაგრძელდება, არის ღამის ეკონომიკა. ტერმინი ღამის ეკონომიკა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გამოიყენება როგორც ბრენდინგის ელემენტი, არ არის მოწყვეტილი დღის განმავლობაში ეკონომიკურ აქტივობებს“, – განაცხადა გვარჯალაძემ.
მისი განმარტებით, ღამის ეკონომიკის კომპონენტებია ტრანსპორტი; ინფრასტრუქტურა; კომუნიკაციები; ხმაურის რეგულირება, რომელიც საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იქნება; უსაფრთხოების უზრუნველყოფა; კულტურული აქტივობები.
„კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია ღამის ეკონომიკა“, – განაცხადა მან და ქალაქები ჩამოთვალა, სადაც ღამის ეკონომიკა განვითარებულია – ლონდონი, ბერლინი, პარიზი, მადრიდი, ბარსელონა, ამსტერდამი, ტორონტო, ციურიხი, სიდნეი, ტოკიო, ვილნიუსი.
ამასთან, მისი თქმით, ღამის ეკონომიის პროცესში ჩართულია უამრავი პატარა ქალაქიც. ვილნიუსი კი, ერთადერთი ქალაქია, რომელიც ამ პროცესში ორი წელია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩაერთო.
სერგი გვარჯალაძის განცხადებით, ღამის ეკონომიკაში ჩართულია ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სექტორი, სასტუმროები და რესტორნები, ტურიზმის სფერო, კულტურისა და კრეატიული ინდუსტრია, სპორტის ინდუსტრია, სავაჭრო სექტორი.
ამასთან, გვარჯალაძის განცხადებით, ტურიზმი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა საქართველოში, ტურისტების 50% კი, თბილისზე მოდის. თუმცა ტურისტების ძირითადი სამოძრაო არეალი სულ რამდენიმე ადგილს მოიცავს.
„სამწუხაროდ, როდესაც ტურისტი გამოდის ქალაქის ცენტრში, ეს არის სულ რამდენიმე ცენტრალური ადგილი, რომელშიც ის ტრიალებს, მაგრამ საშუალება არ აქვს სხვა უბნებშიც გავიდეს და გაეცნოს“, – განაცხადა გვარჯალაძემ.
ამასთან, მისი თქმით, თბილისში ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს ღვინის, სარესტორნო და კულინარიული სფეროების განვითარების კუთხითაც.
სერგი გვარჯალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარებაში ელექტრონული მუსიკის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ელექტრონული მუსიკა, მისი სცენა უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს. ქართულმა ელექტრონულმა მუსიკამ გარკვეული ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე. მინდა ყველა არტისტს, პროდიუსერს, მუსიკოსს მადლობა გადავუხადო, რადგან მათ გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა საუბარი ღამის ეკონომიკის შესახებ. ეს არის დარგი, რომელიც უკვე მუშაობს, აქვს გარკვეული სტრუქტურები, გამოცდილება“, – განაცხადა გვარჯალაძემ და აღნიშნა, რომ წელს ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების ცერემონია მეათედ ტარდება და მის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია.