სერგი გვარჯალაძე აცხადებს, რომ თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის სტრატეგიული დოკუმენტი უნდა შეიქმნას
სერგი გვარჯალაძე აცხადებს, რომ თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის სტრატეგიული დოკუმენტი უნდა შეიქმნას

​თბილისში დედაქალაქის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი იმართება. თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე აცხადებს, რომ ორი დღის განმავლობაში ფორუმზე იმსჯელებენ იმის თაობაზე, თუ როგო უნდა განვითარდეს ღამის ეკონომიკა დედაქალაქში.

„ღამის ეკონომიკის პროექტის კონცეფცია არსებობს და ახლა ვცდილობთ, უფრო დეტალიზებული ელემენტები შევქმნათ სტრატეგიული დოკუმენტისთვის. სწორედ ამიტომ ვატარებთ ფორუმს, რომელიც ორი დღე გაგრძელდება. კოლეგებს, რომელთაც უფრო დიდი გამოცდილება აქვთ, გვინდა ჩვენი ხედვები დავანახოთ, თუ როგორ უნდა განვითარდეს ღამის ეკონომიკა თბილისში. ჩვენ დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან გავივლით ამ თემებს და ეს რეგულარულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება. გარკვეულ ელემენტებს გამოვაქვეყნებთ პერიოდულად და მოსახლეობას საშუალება ექნება, ამის განხილვაში ჩაერთოს. საბოლოოდ, ეს მიიღებს სტრატეგიული დოკუმენტის სახეს და მაქსიმუმ ორ თვის განმავლობაში ორიგინალურ დოკუმენტს მივიღებთ. ჩვენ ვიწყებთ ნულიდან და შეგვიძლია, შეცდომები, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ, გავიაზროთ კარგად და ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა. ვფიქრობ, ეს იქნება მინიმუმ ორწლიანი დოკუმენტი“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

ამასთან, სერგი გვარჯალაძე პროექტის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს.

„ბევრი გამოწვევა გვაქვს. გვაქვს გამოწვევა კომუნიკაციასთან დაკავშირებით, თუნდაც ის, რომ დიდი ხანი გვჭირდება ავხსნათ, რა არის ღამის ეკონომიკა. ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გამოწვევა არის აკუსტიკური დანაგვიანება. შესწავლილი გვაქვს კერები, სადაც არსებობს და უნდა მოვძებნით ახლა გზები, როგორ შეიძლება ამის გადაწყვეტა. კარგია, რომ გვაქვს კანონი, რომელიც ხმაურს ეხება, მაგრამ ამ კანონსაც გარკვეული განახლებები დასჭირდება. გამოწვევები არის იგივე ინფრასტრუქტურული საკითხები, ნელ-ნელა ნაბიჯები გადავდგით, იქნება ეს ტრანსპორტის საკითხი, ღამის ავტობუსი. ეს ავტობუსი ასე თუ ისე გათვლილი იყო, რომ ერთი კლუბიდან მეორეში ივლიდნენ ადამიანები და ტურისტებისთვის იქნებოდა საინტერესო. აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებული ინტერესი არის იმ ადამიანების, რომლებიც ღამე მუშაობენ. N222 ავტობუსი მეტრო „ახმეტელიდან“ მეტრო „ვარკეთილამდე“ დადის. სადღაც 30-40 ადამიანი მოძრაობს რეგულარულად. ვფიქრობ, დაგვჭირდება მინიმუმ ერთი მარშრუტი ზაფხულის პერიოდში, მარშრუტს დავაზუსტებთ კვლევის შემდეგ“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

დატოვე კომენტარი