სერგი გვარჯალაძე - თბილისში დღეს ტურისტები მხოლოდ რამდენიმე ცენტრალურ ადგილზე მოძრაობენ, საშუალება არ აქვთ სხვა უბნებშიც გავიდნენ
სერგი გვარჯალაძე - თბილისში დღეს ტურისტები მხოლოდ რამდენიმე ცენტრალურ ადგილზე მოძრაობენ, საშუალება არ აქვთ სხვა უბნებშიც გავიდნენ

თბილისის სხვადასხვა უბნის განვითარება „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ერთ-ერთი მიმართულება იქნება.

როგორც დღევანდელ პრეზენტაციაზე „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ხელმძღვანელმა, სერგი გვარჯალაძემ განაცხადა, ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა.

„ტურიზმის ბუმია საქართველოში, ამ მიმართულებით 28%-იანი, უპრეცედენტო ზრდაა. წინა წელს გვყავდა 7.5 მლნ. ვიზიტორი საქართველოში, უფრო მეტიც კი. ბიუჯეტში შევიდა 2,75 მილიარდი აშშ დოლარი.  უდაოდ ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა. 2025 წლისთვის საქართველოს ტურიზმის სტრატეგიის მიხედვით, ქვეყანა ელოდება 11 მილიონ ვიზიტორს. არსებული სტატისტიკის მიხედვით, მათი 50%  ქალაქ თბილისზე მოდის“, – განაცხადა გვარჯალაძემ.

ამასთან, მისი თქმით, უნდა გაიზარდოს როგორც ვიზიტორების, ასევე, საქართველოში მათი ვიზიტის დღეების რაოდენობა, რაც ახლა საშუალოდ 2.5 -3 დღეს შეადგენს. შესაბამისად, ტურისტებისთვის საჭიროა საინტერესო ღონისძიებების შეთავაზება.

„დღეს სამწუხაროდ, როდესაც ტურისტი გამოდის ქალაქის ცენტრში, ეს არის სულ რამდენიმე ცენტრალური ადგილი, რომელშიც ის ტრიალებს, მაგრამ  ფაქტობრივად საშუალება არ აქვს სხვა უბნებშიც გავიდეს, სხვა უბნებსაც გაეცნოს და ეს ერთ-ერთი გამოწვევა იქნება ჩვენთვის“, – განაცხადა გვარჯალაძემ.

„ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის კონცეფციის პრეზენტაციაზე თბილისის უბნების თანაბრად განვითარების საჭიროებაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემაც ისაუბრა.