სერგი გვარჯალაძე - დარწმუნებული ვარ, ღამის ეკონომიკის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კრეატიული პროექტი იქნება
სერგი გვარჯალაძე - დარწმუნებული ვარ, ღამის ეკონომიკის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კრეატიული პროექტი იქნება

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ საზოგადოებას ღამის ეკონომიკის კონცეფცია დეტალურად გააცნო და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

პროექტის პრეზენტაციაზე სერგი გვარჯალაძემ აღნიშნა, რომ 20:00 საათიდან, ქალაქში განსხვავებული ტიპის ეკონომიკური აქტივობები იწყება და ზოგიერთი სექტორის როლი უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კერძოდ, იზრდება გართობის, დასვენებისა და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა.

მისი თქმით, ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც აღნიშნული პერიოდიდან დილამდე გრძელდება, ღამის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია და დღის განმავლობაში მიმდინარე ეკონომიკური აქტივობებისგან არ არის მოწყვეტილი.

„ღამის ეკონომიკის კომპონენტები და ასპექტებია: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, ხმაურის რეგულირება, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა იქნება. ასევე, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კულტურული აქტივობები და უბნების რეგენერაცია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა დიდი ქალაქის ღამის ეკონომიკის კონცეფცია შევისწავლეთ. უპირველეს ყოფლისა, საჭიროა კომუნიკაცია, რადგან კომუნიკაციის გარეშე ღამის ეკონომიკა წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კრეატიული პროექტი, რომელშიც მიმიღია მონაწილეობა“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

მისივე განმარტებით, ღამის ეკონომიკაში ჩართულია ტრანსპორტის სექტორი და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, ტურიზმის სექტორი, კულტურისა და კრეატიული ინდუსტრია, სპორტი, ვაჭრობის სექტორი, ასევე, მნიშვნელოვანია მერიის ფუნქცია – აღნიშნული სექტორების სტიმულირება და კოორდინაცია.

„საქართველოში ტურიზმის 28%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2017 წლის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ს შეადგენს, საიდანაც ბიუჯეტში 2.75 მლრდ აშშ დოლარი შევიდა. 2025 წლისთვის, საქართველო 11 მლნ ვიზიტორს ელოდება. არსებული სტატისკიტის მიხედვით, მათი 50% ქალაქ თბილისზე მოდის. ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ მათი ვიზიტის დღეების რაოდენობა გავზარდოთ, რომელიც დაახლოებით, 2.5-3 დღეს შეადგენს. დღეს სამწუხაროდ, როდესაც ტურისტი ქალაქში გამოდის, ძირითადად, რამდენიმე უბანში მოძრაობს და ფაქტობრივად, საშუალება არ აქვს, სხვა უბნებსაც გაეცნოს“, – აღნიშნა ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა.

სერგი გვარჯალაძის განცხადებით, ასევე, აუცილებელია რესტორნებისა და სხვადასხვა ტიპის დაწესებულებების რაოდენობის ზრდა, რადგანაც კვების ინდუსტრიში 12%-იანი ზრდა ფიქსირდება.