სერგი გვარჯალაძე - კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციები დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის
გუშინ კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაციებით დაზარალდა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთ პროგრესულ და თავისუფალ ქვეყანად იცნობენ, – ამის შესახებ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე “ფეისბუქ” გვერდზე წერს.
მისივე განცხადებით, ფაქტი დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის, რომელსაც ბევრად უმტკივნეულოდ შეეძლო მსგავსი ოპერაციის ჩატარება.
„მეგობრებო, საჭიროდ ვთვლი, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით. ის, რაც მოხდა და რასაც მთელი ღამის მანძილზე თვალს ვადევნებდი ადგილზე, აბსოლუტურად გაუგებარი და დამაზიანებელი მიმაჩნია თითოეული ჩვენგანისთვის; პირველ რიგში ადამიანებისთვის, რომლებიც საცეკვაოდ მივიდნენ პარასკევ ღამეს კლუბებში და მთელი ღამე ან პოლიციაში ან ქუჩაში პროტესტში გაატარეს. ასევე, ეს ფაქტი დამაზიანებელია პოლიციის რეპუტაციისთვის, რომელსაც ვფიქრობ ბევრად უმტკივნეულოდ შეეძლო მსგავსი ოპერაციის ჩატარება. თუ სამი თვის მანძილზე მიმდინარეობდა ოპერატიული სამუშაოები, ამ რვა ადამიანის დაკავება ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას იყო შესაძლებელი, ისე რომ ასეთი მღელვარება არ გამოეწვია ამ პროცესს. დაზარალდა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთ პროგრესულ და თავისუფალ ქვეყანად იცნობენ. სამწუხაროდ, მე დღესაც არ მაქვს პასუხები და კომუნიკაცია გუშინდელ ღამესთან დაკავშირებით. ჩემი დაჟინებული რჩევაა, სასწრაფოდ მოხდეს გუშინდელი ღამის ოპერაციის დეტალური განმარტება, დაიწყოს დიალოგი, თუნდაც განსხვავებული პოზიცების მატარებელ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ადამიანებთან, რომლებიც დღესაც იბრძვიან თანამედროვე და თავისუფალი ქვეყნის მომავლისთვის. ამ მოცემულობაში, ცხადია ღამის ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი წარმოუდგენელად მიმაჩნია დღეს, თუ ეს წინააღმდეგობები არ გადავლახეთ”, – წერს სერგი გვარჯალაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.
უწყებამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა საქმეზე ვიდეომასალაც გაავრცელა.